კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდნეტობის კანდიდატად ტიმ უოლზი აირჩია
დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლზი აირჩია- ამის შესახებ რამდენიმე დიდი ამერიკული გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
60 წლის ტიმ უოლზი მინესოტის გუბერნატორის პოზიციას მეორე ვადით იკავებს. ამას გარდა ის დემოკრატი გუბერნატორების ასოციაციის თავმჯდომარეა. აქამდე, 12 წლის განმავლობაში უოლზი კონგრესის წევრი იყო. ასევე, ის აშშ-ს ეროვნული გვარდიის ვეტერანი და ყოფილი მასწავლებელია.
ბოლო კვირების განმავლობაში, უოლზი კამალა ჰარისის ღია მხარდაჭერით გამოირჩეოდა. სწორედ ის იყო პირველი, რომელმაც ტრამპსა და ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს "უცნაური" (Weird) უწოდა, რომელიც მოგვიანებით ჰარისის კამპანიის განუყოფელი ნაწილი გახდა.