აგვისტოს ომი და დაანონსებული საჯარო სასამართლო - ოდიშარია ამტკიცებს, რომ ენმ-მ რუსეთს "ნოყიერი ნიადაგი" შეუქმნა

07.08.24 15:27
აგვისტოს ომი და დაანონსებული საჯარო სასამართლო - ოდიშარია ამტკიცებს, რომ ენმ-მ რუსეთს "ნოყიერი ნიადაგი" შეუქმნა

"ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე აგრესიის გასნახორციელებლად "ნოყიერი ნიადაგი" შეუქმნა. სახელისუფლებო გუნდის წევრი წინა ხელისუფლებას "დამნაშავედ" მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ "არასწორი და არაგონიერი" ნაბიჯები გადადგა, რითაც საქართველოს ანექსიის გაფართოებას შეუწყო ხელი. 

მთელი საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განახორციელა აგრესია. მაგრამ თუ ვინმემ ამას ხელი შეუწყო და თუ შეიძლება იმ მოვლენებში, რომელიც განვითარდა და რითაც ვერაგულმა ოკუპანტმა ისარგებლა, ვინმეს დამნაშავე ვუწოდოთ, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ხელისუფლება. გაფართოვდა ანექსია.

სამწუხაროდ, ამას საფუძვლად დაედო ის გარკვეული ნაბიჯები, არასწორი, არაგონიერი, რომელიც იმდროინდელმა ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, მოამზადა. სამწუხაროდ, ამას საფუძვლად დაედო და ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა უგუნურმა ნაბიჯებმა იმ დროინდელი ხელისუფლებისსა, რომელმაც მოახერხა და დემარკაციის ზოლი გაავლო საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოსა და ე.წ. ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რომელიც ეროვნულმა მთავრობამ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელბით თავის დროზე გააუქმა. ამან კიდევ ერთი საბაბი შეუქმნა ოკუპანტს და სეპარატისტულ ხელისუფლებას, მარიონეტულ მთავრობას ე.წ. სამხრეთ ოსეთის, რომ მოეხდინათ ოკუპაცია, რომელიც დროებითია, - ამბობს ბექა ოდიშარია. 

რუსეთ-საქართველოს ომის 16 წლისთავზე ბიძინა ივანიშვილის გუნდი ყოფილ ხელისუფლებას  "საჯარო
 გასამართლებით"  ემუქრება - "ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ომი "8 აგვისტოს, ქართული მხარის პროვოკაციის გამო დაიწყო". 

"ქართული ოცნება" რუსეთის მსგავსად, კვლავ იმეორებს, რომ ომი არა 7, არამედ 8 აგვისტოს დაიწყო.

"ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება",- წერია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში, რომელიც მმართველმა პარტიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა

ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააზრებულად მოაწყო „უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულა“.

 

მსგავსი სიახლეები