უკრაინის ქმედებები ჩვენს პოლიტიკას არ არღვევს - მილერი
"იმ ქმედებებით, რომლებსაც უკრაინელები დღეს ახორციელებენ, ისინი არ არღვევენ ჩვენს პოლიტიკას" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საუბრობს.
მეთიუ მილერის თქმით, შტატებს უკრაინისგან კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ მიუღია.
ეს არის ომი, რომელშიც ისინი იბრძვიან. ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებებს და კონსულტაციას ვუწევთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ ტაქტიკას, როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ დარტყმებს, ამასთან დაკავშირებით მათთან ხან გვაქვს კომუნიკაცია, ხან - არა. მათთვის მიზანშეწონილია, თავად მიიღონ ეს გადაწყვეტილებები...
მე ასე ვიტყოდი. ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და იმ ქმედებებით, რომლებსაც უკრაინელები დღეს ახორციელებენ, ისინი არ არღვევენ ჩვენს პოლიტიკას", - აღნიშნა მილერმა.
რუსული ტელეგრამ არხები წერენ, რომ უკრაინელებმა ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი დაამყარეს. საუბარია, მათ შორის, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ საკვანძო გაზის გამანაწილებელ სადგურზე. სწორედ ამ სადგურზე გადის ყველაზე დიდი სატრანზიტო დერეფანი, რომლიდანაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება.
შეგახსენებთ, რომ კურსკის ოლქი ინტესნიურად იბომბება. რუსეთის ცაზე უკარინული დრონების იერიშები და აფეთქებების სერია არ წყდება. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინული არმიის ალყაში 12 დასახალებული პუნქტი და ათობით რუსი სამხედროა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კურსკის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ოლქში შესვლას "პროვოკაცია" უწოდა.