2008 წლის მაგალითი ოს მებრძოლებს საგმირო საქმეებისკენ უბიძგებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის - ალან გაგლოევი

08.08.24 10:45
2008 წლის მაგალითი ოს მებრძოლებს საგმირო საქმეებისკენ უბიძგებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის - ალან გაგლოევი

"ძნელი წარმოსადგენია, რა იმედითა და რწმენით ელოდნენ რუსულ ჯარს ცხინვალში. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ხალხმა, დაინახა რა ტანკები რუსეთის დროშებით, იცოდა, რომ ხსნა მოვიდა" - ამის შესახებ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ცხინვალში, "სამხრეთ ოსეთის დამცველთა" მემორიალურ კომპლექსში, ომის 16 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ალან გაგლოევმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის როლზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში მშვიდობის დამყარებაში და აღნიშნა, რომ "2008 წლის ომის გმირების მაგალითი ოს მებრძოლებს საგმირო საქმეებისა და მხოლოდ წინსვლისკენ უბიძგებს".

ძნელი წარმოსადგენია, რა იმედითა და რწმენით ელოდნენ რუსეთის არმიას ცხინვალში. ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ხალხმა, დაინახა რა ცხინვალისკენ მომავალი რუსეთის დროშიანი ტანკები, იცოდა, რომ ხსნა მოვიდა, ომის კოშმარი მათთვის დასრულდა, სამხრეთ ოსეთი იცოცხლებდა! უკვე მეორე დღეს ყველგან გამოჩნდა ნიშნები: "გმადლობთ, რუსეთო!" ხალხს სურდა მადლიერება გამოეხატა რუსეთის მიმართ, რომელმაც ჩვენი ხალხი გადაარჩინა.

2008 წლის ომის გმირების მაგალითი ოს მებრძოლებს საგმირო საქმეებისა და მხოლოდ წინსვლისკენ უბიძგებს და მოუწოდებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის. სამხრეთ ოსეთი ამაყობს ჩვენი სამშობლოს გმირი დამცველების სიმამაცით! ჩვენ გვჯერა მათი და ველით მათ გამარჯვებას!“ - აღნიშნა გაგლოევმა.

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად, 8 აგვისტოს აღნიშნავენ.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.