რუსი პროპაგანდისტი, ევგენი პოდუბნი კურსკში დაიჭრა და სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს - რუსული მედია

ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი, რუსეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის ВГТРК კორესპონდენტი, ევგენი პოდუბნი კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედების შედეგად დაიჭრა და სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ბლოგერი კიდევ 8 დაშავებულთან ერთად სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, პოდუბნის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის, ევგენი პოდუბნი დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, კანადისა და ავსტრალიის სანქციების ქვეშაა. რუსეთში მას რამდენიმე სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული.
რუსული ტელეგრამ არხები წერენ, რომ უკრაინელებმა ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი დაამყარეს. საუბარია, მათ შორის, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ საკვანძო გაზის გამანაწილებელ სადგურზე. სწორედ ამ სადგურზე გადის ყველაზე დიდი სატრანზიტო დერეფანი, რომლიდანაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება.
შეგახსენებთ, რომ კურსკის ოლქი ინტესნიურად იბომბება. რუსეთის ცაზე უკარინული დრონების იერიშები და აფეთქებების სერია არ წყდება. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინული არმიის ალყაში 12 დასახალებული პუნქტი და ათობით რუსი სამხედროა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კურსკის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ოლქში შესვლას "პროვოკაცია" უწოდა.