"სიტუაცია დაძაბულია" - რუსეთის ქალაქ კურჩატოვის მერი მოსახლეობას მიმართავს
რუსეთის ქალაქ კურჩატოვის საზღვრებიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ ქალაქის მერმა იგორ კორპუნკოვმა ტელეგრამ არხზე დაწერა.
სიტუაცია დაძაბულია, მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, თუმცა ყველა სამსახური, საწარმო, მათ შორის ქალაქის ადმინისტრაცია, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, - აცხადებს კორპუნკოვი.
მისი თქმით, „მტერი“ არა მხოლოდ სამხედრო იარაღს, არამედ „ფსიქოლოგიურ სპეცრაზმსაც“ იყენებს მოსახლეობაში პანიკის დასათესად, რაც უკონტროლო ვითარებასა და ქაოსს ქმნის. ცნობილია, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ კურსკის რეგიონში შექმნილი ვითარება „ფედერალურ საგანგებო მდგომარეობად“ შეაფასა. "
შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს რუსეთის რეგიონში ბრძოლები გააქტიურდა. რუსეთმა უკრაინა „პროვოკაციაში“ დაადანაშაულა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამ დრომდე ოფიციალურ განცადებას არ აკეთებს.