"თუ რამე არ მოსწონს, გამოვიდეს უკრაინიდან და შეწყვიტოს ომი" - კირბი პუტინს
თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ვლადიმერ პუტინმა დაიწყო და სწორედ ის არის ერთადერთი პიროვნება, რომელსაც ომის დასრულდება დღესვე შეუძლია.
კირბი იმასაც ამბობს, რომ იქამდე, სანამ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს დაბომბავს და უდანაშაულო მოქალაქეებს მოკლავს, მანამდე შტატები უკრაინის მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებს.
ამასთან, ამერიკელი პოლიტიკოსი "პროპაგანდას" უწოდებს რუსეთში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ კურსკის რეგიონში შეტევა დასავლეთის მიერ არის კოორდინირებული.
ეს არის პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ასე იყო თავიდანვე. და თუ მას რაღაც არ მოსწონს, თუ რაღაც არ აკმაყოფილებს, არის ძალიან მარტივი გამოსავალი -გამოვიდეს უკრაინიდან და შეწყვიტოს ომი" - თქვა კირბიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებენ. ფრონტის ხაზი რუსეთის ტერიტორიაზე 700 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. 28 დასახლებულ პუნქტზე კი უკრაინული დროშა ფრიალებს.
პუტინი არ მალავს, რომ უკრაინელების შეტევა მხოლოდ კურსკით არ შემოიფარგლება. რუსეთში უკრაინელები სანგრებს თხრიან და დაკავებულ ტერიტორიებს ამაგრებენ. დამატებითი ძალების გადასროლის მიუხედავად, კრემლი კურსკის ოლქში ვითარებას ვერ ცვლის და ტერიტორიებს საათობრივად კარგავს. გუშინ ევაკუაცია ბელგოროდშიც გამოცხადდა, საიდანაც ათასობით ადგილობრივი უკვე გაიყვანეს.