უკრაინელების წინსვლა გრძელდება - მძიმე ბრძოლა სოფელ გირთან მიმდინარეობს
რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა გრძელდება - ამ წუთებში მძიმე ბრძოლა სოფელ გირთან მიმდინარეობს, სადაც უკრაინული არმიის მოიერიშე ნაწილები ჩასაფრებაში მოყვნენ.
გავრცელებული ცნობებით, უკრაინელები რუსეთის ფედერაციის, დაახლოებით, 50 კილომეტრის სიღრმეში არიან შესულები, 20-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებენ და ათობით როგორც რუსი, ასევე ჩეჩენი ჯარისკაცი ჰყავთ ტყვედ აყვანილი.
უკრაინული მხარე ოფიციალურად საუბრობს კურსკის ოპერაციასა და მიზნებზე. პოლკოვნიკი რომან კოსტენკო აცხადებს, რომ მოულოდნელობის ეფექტმა იმუშავა, რადგან მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, ასეთი მისიის შესრულება შესაძლოა, შეუძლებელი გამხდარიყო.
პოლკოვნიკი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ უკრაინელებმა წინსვლა რუსეთის სხვა ოლქებშიც მიაღწიონ.
კურსკის კამპანია მოულოდნელი იყო აგრესორი ქვეყნისთვის. უკრაინული მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო ასიმეტრიული ქმედებები და სამხედრო სულისკვეთების ამაღლება. ჩვენი შეიარაღებული ძალები შევიდნენ 20-ზე მეტ დასახლებაში და ახლა იკავებენ მათ. მანამდე გვქონდა მცირე ოპერაციები რუსეთის ტერიტორიაზე, რომელშიც რუსი მოხალისეები მონაწილეობდნენ. ახლა დარბევაში ჩვენი საბრძოლო ბრიგადები არიან ჩართული. ეს ძალიან რთული ამოცანაა - დარბევა, ფაქტობრივად, მტრის ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს 350 კვადრატული კილომეტრი, რომელიც მხოლოდ ერთ დღეში ავიღეთ. მომავალში შევხედავთ, როგორ გაგრძელდება ეს და იქნება თუ არა შესაძლებელი რუსული ჯარების გაყვანა მნიშვნელოვანი მიმართულებებიდან, მაგრამ ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ მტერს აქვს პრობლემები შეიარაღებულ ძალებთან, რეზერვებთან. უკვე შესამჩნევია, როგორ ამაღლდება სამხედრო სულისკვეთება, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია და გავაგრძელებთ ამგვარ ოპერაციებს, ეს უკვე წარმატებაა თუმცა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში სხვა მიმართულებებიც იყოს. კურსკის ოპერაცია მტრისთვის აბსოლუტური სიურპრიზი იყო და ომში ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი", - ამბობს რომან კოსტენკო.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებენ. 28 დასახლებულ პუნქტზე უკრაინული დროშა ფრიალებს.
პუტინი არ მალავს, რომ უკრაინელების შეტევა მხოლოდ კურსკით არ შემოიფარგლება. რუსეთში უკრაინელები სანგრებს თხრიან და დაკავებულ ტერიტორიებს ამაგრებენ. დამატებითი ძალების გადასროლის მიუხედავად, კრემლი კურსკის ოლქში ვითარებას ვერ ცვლის და ტერიტორიებს საათობრივად კარგავს. გუშინ ევაკუაცია ბელგოროდშიც გამოცხადდა, საიდანაც ათასობით ადგილობრივი უკვე გაიყვანეს.