ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ბელგოროდის ოლქში, რეგიონულ დონეზე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
"ბელგოროდის რეგიონში ვითარება კვლავ რჩება უკიდურესად მძიმე და დაძაბული, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიური დაბომბვა, დანგრეული სახლები, დაშავებული და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები. ამიტომ, დღეიდან ვიღებთ გადაწყვეტილებას ბელგოროდის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე, რათა დამატებით დავიცვათ მოსახლეობა […] გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა რეგიონულ დონეზე" - განაცხადა გლადკოვმა ვიდეომიმართვაში.
მისივე თქმით, ოლქში სიტუაცია რთულია და გეგმავს საგანგებო მდგომარეობის ფედერალურ დონეზე გამოცხადების მიზნით რუსეთის სამთავრობო კომისიას მიმართოს.
ცნობისთვის, 10 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ შემოიღო „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმი კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის რეგიონებში.
უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მისი ქვეყნის არმია რეგიონის 74 დასახლებას აკონტროლებს.