ესპანელი ჟურნალისტი პაბლო გონზალეზი, სინამდვილეში, კრემლის ჯაშუში პაველ რუბცოვი აღმოჩნდა

14.08.24 15:18
ესპანელი ჟურნალისტი პაბლო გონზალეზი, სინამდვილეში, კრემლის ჯაშუში პაველ რუბცოვი აღმოჩნდა

უმწიკვლო რეპუტაციის ესპანელი ჟურნალისტი პაბლო გონზალეზი კრემლის ჯაშუში პაველ რუბცოვი აღმოჩნდა. რუბცოვი იმ პატიმრებს შორის იყო, რომელიც რუსეთმა და აშშ-მ გაცვალეს. 1 აგვისტოს 42 წლის კაცი მოსკოვში დაბრუნდა მაისურით, რომელზეც ეწერა: “შენს იმპერიას სჭირდები”. მას, ისევე როგორც სხვა დაბრუნებულებს, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეეგება და ხელი ჩამოართვა.

ცნობილია, რომ წლების მანძილზე რუბცოვი ცხელ წერტილებში მუშაობდა, ემეგობრებოდა რუს ოპოზიციონერებს და საქართველოში ლგბტ ადამიანების ჩაგვრაზე სადოქტორო ნაშრომს წერდა. ის ასევე აშუქებდა ომს აღმოსავლეთ უკრაინაში და ყარაბაღში, სადაც არაერთ რუს ჟურნალისტს დაუახლოვდა.

ცნობისმოყვარე, მარტივი საურთიერთო, საიმედო ტიპი იყო, “რომელთანაც დალევა და მუსაიფი მსიამოვნებდა. ისეთ ადგილებში ვხვდებოდით, აზრადაც არ მომივიდოდა, გრუს თანამშრომელი თუ იყო”,- იხსენებს გამოცემა “ნოვაია გაზეტა ევროპის” კორესპონდენტი ილია აზარი.

რუბცოვის  რეპუტაცია იმდენად საიმედო იყო, რომ ნემცოვის ფონდმა ლექტორად მიიწვია. მასთან ასევე თანამშრომლობდნენ “ამერიკის ხმა” და “დოიჩე ველე”.

გონზალეზი 2022 წლის 28 თებერვალს პოლონეთის ქალაქ ფშემისლში დააკავეს. პოლიციის თქმით, ის, რუსული დაზვერვის დავალებით, უკრაინაში აპირებდა შეღწევას. მეტი დეტალი პოლონეთს არ გაუსაჯაროებია. უცნობი რჩება, როგორ და რატომ გახდა გონზალეზი რუსეთის ჯაშუში.

უკვე 2023 წლის მაისში გამოცემა “აგენტსტვომ” დაწერა, რომ ხელში ჩაუვარდა ანგარიშები, რომლებსაც გონზალეზი დაზვერვას უგზავნიდა. “აგენტსტვოს” თანახმად, ერთ-ერთ ანგარიშში ის აღწერდა პოლონელ გოგონას, რომელსაც ხვდებოდა. დოკუმენტი სრულდება სიტყვებით: “მან ჩემი ლეგენდა ჭამა”.