ტრამპი არასერიოზული ადამიანია, მისი თეთრ სახლში დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული იქნება - ჰარისი
კამალა ჰარისმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის ნომინაცია ოფიციალურად მიიღო.
დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს არასერიოზული, მის თეთრ სახლში დაბრუნებას კი საფრთხე უწოდა, მოსახლოება გააფრთხილა მოსალოდნელ რეპრესიებზეც. ჰარისი ამბობს, რომ დონალდ ტრამპს გამარჯვების შემთხვევაში გადაწყვეტილი აქვს დააპატიმროს ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპონენტები.
”ბევრი თვალსაზრისით, დონალდ ტრამპი არასერიოზული ადამიანია, მაგრამ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული იქნება.
უბრალოდ წარმოიდგინეთ დონალდ ტრამპი დამცავი რელსების გარეშე. იფიქრეთ იმაზე, თუ რას გააკეთებს ის, თუ კვლავ მივცეთ ძალაუფლებას. იფიქრეთ მის აშკარა განზრახვაზე, გაათავისუფლოს მოძალადე ექსტრემისტები, რომლებიც თავს დაესხნენ სამართალდამცავებს კაპიტოლიუმში, მის აშკარა განზრახვაზე, დააპატიმროს ჟურნალისტები, პოლიტიკური ოპონენტები და ყველა, ვისაც მტრად მიიჩნევს, მის აშკარა განზრახვაზე, განათავსოს ჩვენი აქტიური სამხედრო ჯარი ჩვენივე მოქალაქეების წინააღმდეგ. მაგრამ ამერიკა, ჩვენ უკან არ დავბრუნდებით”, - აღნიშნა ჰარისმა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე, სადაც მან პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო.
ჰარისის თქმით, ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების შედეგები 2020 წელს, როდესაც წააგო.
„დონალდ ტრამპი ცდილობდა, თქვენი ხმები მოესროლა, როდესაც ვერ შეძლო, შეიარაღებული ბრბო გაგზავნა შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში, სადაც თავს დაესხნენ სამართალდამცავებს,”- აღნიშნა კამალა ჰარისმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ტრამპი ნასამართლევია 34 დანაშაულის მუხლით.
”ის თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს ნაფიცმა მსაჯულებმა და ასევე პასუხისმგებლობა დააკისრეს სექსუალური ძალადობისთვის,” - აღნიშნა ჰარისმა.