რუსული მედია: ვოლგოგრადის კოლონიაში მძევლად აყვანილი ყველა პირი თავისუფალია, ოთხივე პატიმარი კი ლიკვიდირებული
სამართალდამცავებმა, შტურმის შედეგად, ვოლგოგრადის ერთ-ერთ კოლონიაში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი გაათავისუფლეს.
როგორც რუსული მედია „როსგვარდიაზე“ დაყრდნობით წერს, შტურმის დროს, სნაიპერის დახმარებით, ოთხივე პატიმარი მოკლეს.
ვოლგოგრადის რეგიონში, რუსეთის გვარდიის სპეცრაზმის სნაიპერებმა ,ოთხი ზუსტი გასროლით გაანეიტრალეს ოთხი პატიმარი, რომლებმაც ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს. მძევლები თავისუფლები არიან“, - წერს რუსული მედია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა კოლონიის შტურმი დაიწყეს.
პროტესტმა ვოლგოგრადის ოლქში ნომერ მე-19 გამოსასწორებელ კოლონიაში რამდენიმე საათის წინ იფეთქა. ბუნტის ორგანიზატორები თავს ისლამური სახელმწიფოს წევრებად აიდენტიფიცირებენ. პატიმრების აჯანყების დროს, დაიღუპა ციხის ადმინისტრაციის სამი თანამშრომელი, მძევლადაა ჩავარდნილი ოთხი, ხოლო ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, რომელთა შორის ერთი ბადრაგი, მეორე კი პატიმარია.
ვითარება ვოლოგოგრადში იმდენად მძიმე იყო, რომ პუტინმა სასაწრაფოდ უშიშროების საბჭოს თათბირი ჩანიშნა. სწორედ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, ციხის შტურმის შესახებ. ადგილზე მობილიზებული იყო ათეულობით სპეცრაზმელი. გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრები ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მძევალის მოკვლით იმუქრებოდნენ.
ვოლგოგრადის ციხის აჯანყება, მოსკოვმა უკვე შერაცხა, როგორც ქვეყნის გარედან მართული ტერორისტული აქტი.