რობერტ კენედი უმცროსმა საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა

რობერტ კენედი უმცროსმა საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. კენედიის გადაწყვეტილებით, ის კანდიდატურას ათ შტატში მოხსნის - იმ უბნებზე, სადაც მისი სახელის დატოვება რომელიმე კანდიდატის გამარჯვების შანსებს შეამცირებს.
„გულის სიღრმეში აღარ მჯერა, რომ არჩევნებში გამარჯვების რეალისტური გზა მაქვს“, - განაცხადა კენედიმ.
უმცროსმა რობერტ კენედიმ დაასახელა სამი მიზეზი, რის გამოც ტრამპს უჭერს მხარს. ერთ-ერთი უკრაინაში მიმდინარე ომია. კენედი მიიჩნევს, რომ ეს ომი რუსეთის პროგნოზირებადი პასუხი იყო "ნეოკონსერვატორების" პროექტზე, რომ NATO-ს გაფართოებით რუსეთი "ალყაში მოექციათ".
რობერტ კენედი უმცროსმა აღნიშნა, რომ იმ 10 შტატში, სადაც „რესპუბლიკელ“ და „დემოკრატ“ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ბრძოლა დაძაბულია, ბიულეტენზე მისი სახელი აღარ იქნება.
„ჩვენი გამოკითხვები მუდმივად აჩვენებდა, რომ იმ შტატებში, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს, თუ საარჩევნო ბიულეტენზე დავრჩები, არჩევნებში გამარჯვებას „დემოკრატებს“ გადავცემ, რომელთაც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში არ ვეთანხმები - ცენზურის, ომისა და ქრონიკული დაავადებების შესახებ“, - აღნიშნა რობერტ კენედი უმცროსმა.