Telegram-ის დამფუძნებელი შესაძლოა, ბაქოში პუტინთან შეხვედრას ცდილობდა - კოვალენკო

25.08.24 14:41
Telegram-ის დამფუძნებელი შესაძლოა, ბაქოში პუტინთან შეხვედრას ცდილობდა - კოვალენკო

Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი შესაძლოა, რამდენიმე დღის წინ, ბაქოში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას ცდილობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი, ანდრეი კოვალენკო ავრცელებს და Telegram-არხზე წერს, რომ დუროვის ისტორია მოსკოვისთვის "მარცხია, რომელშიც პუტინის მთელი გარემოცვაა დამნაშავე, ვაინოდან პატრუშევამდე".

ცენტრის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ ტელეგრამს ინდოეთში 300 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და მალე ის სამხრეთ და ლათინურ ამერიკაში N1 გახდება.

ამასთან, კოვალენკომ აღნიშნა, რომ დუროვის დაპატიმრება შეიძლება, მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელების მიერ Enigma-ს გატეხვას შევადაროთ.

შესაძლოა, დუროვი პუტინთან შეხვედრას ბაქოში რამდენიმე დღის წინ ცდილობდა, მას უარი ეთქვა.

ახლა რუსეთში ისტერიაა, რომ „ერთადერთი სანდო რუსული მესინჯერი, Telegram, შეიძლება აღმოჩნდეს დასავლეთის კონტროლის ქვეშ.

დუროვს ბრალად ედება, რომ ის არ თანამშრომლობდა საფრანგეთის პოლიციასთან ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. უახლოეს თვეებში რუსეთს ევროპაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში დაადანაშაულებენ. მძიმე დრო ელის გენერალური შტაბის მთავარ დირექტორატს, რადგან ისინი ითვლებიან ჯაშუშობის ამ სფეროს მთავარ „პასუხისმგებლებად““, - წერს ის.

24 აგვისტოს, საღამოს, პარიზის შემოგარენში, ბურჟეს აეროპორტში აპლიკაცია "ტელეგრამის" აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის მედია ავრცელებს.

გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მილიარდელს ხელბორკილები მას შემდეგ დაადეს, როდესაც ის პირადი თვითმფრინავიდან გადმოვიდა.