უკრაინა მოკავშირეებთან დასავლეთ უკრაინის თავზე "საჰაერო თავდაცვის ფარის" შექმნას განიხილავს
უკრაინა აგრძელებს კონსულტაციებს პარტნიორებთან დასავლეთ უკრაინის თავზე "საჰაერო თავდაცვის ფარის" შექმნის შესაძლებლობის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, შეხვედრას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი საჰაერო თავდასხმა უძღოდა წინ, რისთვისაც ოკუპანტმა 200-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენა.
პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. მათთან განვიხილეთ გეგმები საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ჩამჭრელი რაკეტების მიწოდების შესახებ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ კონსულტაციებს, მათ შორის ორმხრივ ფორმატში, ქვეყნის დასავლეთ ოლქების თავზე „საჰაერო თავდაცვის ფარის“, ეგრეთ წოდებული „უსაფრთხოების სარტყლის“ შექმნის შესახებ“, - აღნიშნა უმეროვმა.