ვინ არიან, სად და როგორ ცხოვრობენ პუტინის ვაჟები - "დოსიეს" გამოძიება
პუტინის ვაჟების შესახებ ცენტრ "დოსიემ" გამოძიება ჩაატარა.
გამოძიებით ირკვევა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ორი მცირეწლოვანი ვაჟი, სახელად ივანი და ვლადიმირი, ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასგან ჰყავს. „დოსიეს“ წყარო, პუტინის რეზიდენციაში მომუშავე პირია.
ცენტრი წერს, რომ პუტინის პირველი ვაჟი ივანი 2015 წელს დაიბადა, ვლადიმირი კი - 2019 წელს. მათი ფოტოები საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ჟურნალისტებმა ისინი ეთიკური მიზეზების გამო არ გამოაქვეყნეს. ბავშვებს საიდუმლო დოკუმენტები აქვთ, მოგზაურობენ პუტინთან დაკავშირებული კერძო თვითმფრინავებითა და იახტებით, მათ იცავს დაცვის ფედერალური სამსახური, საჯაროდ არ ჩნდებიან და ცხოვრობენ პრეზიდენტის რეზიდენციებში, ნათქვამია გამოძიებაში.
გამოძიების თანახმად:
ივანი და ვლადიმირი პუტინის რეზიდენციებში ცხოვრობენ: კერძოდ, ვალდაიში მათთვის სპეციალურად გაიხსნა სასწავლო ცენტრი. ბავშვებთან მუშაობენ გუვერნიორები, მათთვის მასწავლებლებს კი ეძებდნენ სააგენტო English Nanny-ის საშუალებით. უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ დამსაქმებლებმა დაიწყეს უპირატესობის მინიჭება ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის სამხრეთ აფრიკიდან, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება „მეგობრულ ქვეყნად“ მიიჩნევს. დამსაქმებლის პირობების მიხედვით, მასწავლებლებს ეკრძალებათ რეზიდენციის დატოვება. რეკლამაში ნათქვამია, რომ ოჯახი „იზოლირებულად ცხოვრობს“.
- პედაგოგიური პერსონალი უშუალოდ არ ურთიერთობს ბავშვების მშობლებთან. ისინი ოჯახის თანაშემწეებისგან იღებენ განკარგულებებს.
უფროსი ვაჟი ჰოკეის თამაშობს (ზოგჯერ მამასთან ერთად) სპეციალურად აშენებულ საციგურაო მოედანზე, მაგრამ ალინა კაბაევა თამაშს უყურებს არა საჯაროდ, არამედ გაუმჭვირვალი შუშის მიღმა მოთავსებული ლოჟიდან. ამასთან, ივანი, როგორც იუწყებიან, მონაწილეობს მხატვრული ტანვარჯიშის შეჯიბრებებში, მაგრამ სად ტარდება ასეთი შეჯიბრებები, არ არის მითითებული.
- პუტინის ვაჟები თანატოლებთან ურთიერთობენ დღესასწაულებზე. როგორც წესი, ესენი არიან ბავშვები ალინა კაბაევას ახლო წრიდან.
გამოძიებაში ასევე ნათქვამია, რომ პუტინის ვაჟების მასწავლებლები ხელფასს იღებენ ქსელ „მოი მედიცინსკი ცენტრის“ კლინიკების მეშვეობით. რადიო თავისუფლება არაერთხელ წერდა ამ კლინიკის შესახებ სანკტ-პეტერბურგში, სადაც, კერძოდ, მკურნალობდნენ სირიაში, ლიბიასა და უკრაინაში დაჭრილ მებრძოლებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერიდან“. ამავე კლინიკაში გადის გამოკვლევებს პუტინის ბევრი მეგობარი და ნაცნობი.
პუტინს საჯაროდ არასოდეს უღიარებია, რომ მას ვაჟები ჰყავს. ამასთან, არაერთხელ უთქვამს, რომ მის ოჯახში არიან ბავშვები, რომლებთანაც ურთიერთობს.
ვლადიმირ პუტინს, რომელიც პირველ მეუღლეს 2013 წელს დაშორდა, საჯაროდ არასოდეს უღიარებია, რომ ალინა კაბაევასთან ერთად ცხოვრობს.