სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების სქემა გამოავლინა - კვალი რუსეთთან მიდის

სომხური მედია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე რამდენიმე პირი დააკავა.
სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები კავშირში რუსეთთან არიან. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ირკვევა, რომ წინასწარი შეთქმულებით ძალაუფლების უზურპაციისთვის პირები ჯგუფურად მოქმედებნენ და სომხეთში ძალაუფლების ჩაგდების მიზნით, ყოველთვიურად დაახლოებით 220 000 რუსულ რუბლს იღებდნენ.
გავრცელებული ცნობებით, გეგმა ეჭვმიტანილების რუსეთის ფედერაციაში სამთვიან სასწავლო შეკრებას, ახალი ტიპის მძიმე იარაღის გაცნობასა, მათი გამოყენების სწავლას და სომხეთში დაბრუნების შემდეგ საბრძოლო მოვალეობის შესრულებას მოიცავდა.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ 2024 წლის განმავლობაში ეჭვმიტანილებმა სომხეთის რესპუბლიკის რამდენიმე მოქალაქე და მთიანი ყარაბაღის ყოფილი მაცხოვრებლები გადაიბირეს. თუმცა, მოგვიანებით გადაბირებულთა ნაწილმა წვრთნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და სომხეთში დაბრუნდა.
აღნიშნულ ფაქტზე შვიდი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულია სამი, ოთხს კი ეძებენ.