გასული დღის განმავლობაში, რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში 8 ადამიანი ემსხვერპლა

21.09.24 13:52
გასული დღის განმავლობაში, რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში 8 ადამიანი ემსხვერპლა

გასული დღის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 53 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს და წერს, რომ დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. 

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსეთის თავდასხმებს ქალაქ ხარკოვსა და სამ რეგიონულ დასახლებაზე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 21. ასევე, დაზიანდა სახლები, ბაზარი, საავადმყოფო, სასტუმრო, საწყობები და სხვა შენობები.

როგორც გუბერნატორი ვადიმ ფალაშკინი Facebook-ზე წერს, დონეცკის ოლქში, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში რუსეთის თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

მისივე ცნობით, განადგურდა და დაზიანდა თითქმის 40 სახლი, ცხრა საცხოვრებელი კორპუსი, ინფრასტრუქტურის ობიექტი, საწარმო, ადმინისტრაციული შენობა, მაღაზიები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

გასულ ღამეს კრივი რიჰზე რუსული სარაკეტო შეტევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 12 წლის ბიჭი. ამასთან, დაშავდა სამი მოქალაქე, მათ შორის, ერთი მოზარდი.

დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის სერჰი ლისაკის განცხადებით, დარტყმების შედეგად დნიპროში 19 და 53 წლის კაცები, ხოლო ნიკოპოლის რაიონში 38 წლის ქალი დაშავდა. ასევე, დნეპროპეტროვსკის ოლქზე თავდასხმების შედეგად დაზიანდა 20-ზე მეტი სახლი, სამი საცხოვრებელი კორპუსი, საგანმანათლებლო დაწესებულება, სკოლა და საწარმო.

ასევე, რუსებმა სუმის ოლქში რამდენიმე დასახლებულ პუნქტსაც დაარტყეს. რეგიონის ადმინისტრაციის ცნობით, შედეგად 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2 დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღის განმავლობაში სუმის ოლქზე თავდასხმისთვის რუსებმა არტილერია, დრონები, ნაღმმტყორცნები, მართვადი საჰაერო ბომბები და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები გამოიყენეს.

ხერსონის გუბერნატორის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსეთის იერიშს ქალაქ ხერსონსა და 23 რეგიონულ დასახლებაზე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 7. მისივე ცნობით, ხერსონის ოლქში საცხოვრებელი კორპუსი, 23 სახლი და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაზიანდა.

ოდესის ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ 20 სექტემბერს ქალაქ ოდესაზე რუსეთის სარაკეტო დარტყის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. კიპერის ცნობით, რუსეთმა "ისკანდერ-მ" ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ოდესაში, რამაც დააზიანა პორტი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე ანტიგუანის დროშის ქვეშ მყოფი სამოქალაქო გემი.