თალიბანის რეჟიმის აღიარებასთან დაკავშირებით არ ვიჩქარებთ, დავაკვირდებით - რუსეთის ხელისუფლება

16.08.21 16:20
თალიბანის რეჟიმის აღიარებასთან დაკავშირებით არ ვიჩქარებთ, დავაკვირდებით - რუსეთის ხელისუფლება

რუსეთი ავღანეთში თალიბანის რეჟიმის მმართველობის აღიარებას ამ ეტაპზე არ აპირებს.  ავღანეთის საკითხებზე რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ზამირ კაბულოვის, ინფორმაციიით,  კრემლი თალიბანის შემდგომ ნაბიჯებს დააკვირდება და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო tass.com ავრცელებს.

აღიარების საკითხთან დაკავშირებით არ ვჩქარობთ, მოვიცდით და დავაკვირდებით, რეჟიმი როგორ მოიქცევა, აღიარება-არაღიარების საკითხი ახალ ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული. ყურადღებით დავაკავირდებით, რამდენად პასუხისმგებლობით მართავენ ქვეყანას უახლოეს მომავალში. შედეგად რუსეთის ხელისუფლება გამოიტანს საჭირო დასკვნებს და მიიღებს გადაწყვეტილებას - განაცხადა კაბულოვმა.

​​ზამირ კაბულოვის თქმით, ავღანეთში რუსეთის ელჩს კავშირი აქვს თალიბანის ლიდერებთან და 17 აგვისტოს იგეგმება ჟირნოვის შეხვედრა თალიბანის კოორდინატორთან, რათა რუსეთის საელჩოს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. ელჩის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს ქაბულში საფრთხე არ ემუქრებათ და დიპლომატები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. რუსეთი ავღანეთიდან საელჩოების ევაკუაციას არ აპირებს.

15 აგვისტოს თალიბანი ქაბულში შევიდა და ქალაქზე კონტროლი დაამყარა. დაჯგუფებამ ავღანეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ავღანეთი დატოვა.