ბაიდენი ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილებას "მყარად" იცავს

17.08.21 09:04
ბაიდენი ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილებას "მყარად" იცავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის გადაწყვეტილებას იცავს და აცხადებს, რომ ავღანეთში აშშ-ის ძირითადი ეროვნული ინტერესი იყო აშშ-ის მიწაზე ტერორისტული თავდასხმების აღკვეთა.

"ავღანეთში მისია არასოდეს უკავშირდებოდა ერის მშენებლობას" - ამბობს ამერიკის პრეზიდენტი. 

მისივე განცხადებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 20 წლიან ომში ერთი ტრილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა.

დიდი რესურსი ჩავდეთ ავღანეთში და რა მოხდა? მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყანა დატოვეს, ავღანეთის სამთავრობო ჯარი სრულად ჩამოიშალა, ხელისუფლებამ ძალაუფლება დათმო. ამერიკელი სამხედროები ვერ და არ ჩაერევიან ამ პროცესებში. კიდევ რამდენი წელი უნდა დავრჩენილიყავით ავღანეთში? რამდენი ამერიკული სიცოცხლე უნდა დაგვეკარგა? წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გავაგრძელოთ, ეს არ შეიძლება"- აცხადებს ბაიდენი.

მისივე განცხადებით, აშშ-ის ძალების გამოყვანისთვის კარგი დრო არასოდეს დადგებოდა: 

მე მყარად ვიცავ ჩემს გადაწყვეტილებას. 20 წლის შემდეგ სირთულეებით ვისწავლე, რომ აშშ-ის ძალების გამოყვანისთვის კარგი დრო არასოდეს დადგებოდა" - დასძინა ბაიდენმა თეთრი სახლიდან ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში.

აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი თვლის, რომ "ადამიანების უფლებები სამხედრო ოპერაციების ნაცვლად დიპლომატიით უნდა დავიცვან".

აღსანიშნავია, რომ ეს ბაიდენის პირველი საჯარო გამოსვლაა მას შემდეგ, რაც ავღანეთზე კონტროლი თალიბანმა დაამყარა.