ევროკავშირმა ირანში შვიდი ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირის მიმართ სანქციები დააწესა
თეირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭომ ირანის შვიდი ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირის მიმართ სანქციები დააწესა.
როგორც ევროკავშირის საბჭოს დადგენილებაშია აღნიშნული, ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთისთვის ტექნოლოგიების გადაცემაზე. ასევე ის ადამიანები, რომლებიც შეიარაღებას აწვდიდნენ იმ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და წითელი ზღვის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას უთხრიან ძირს.
სიაში შედის ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სამი ირანული ავიაკომპანია. სანქციები დაუწესდა ასევე ორ კომპანიას, რომლებიც რაკეტების გაშვებისთვის საჭირო საწვავს აწარმოებენ.
სანქცირებული პირები დაექვემდებარებიან აქტივების გაყინვას და ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას. გარდა ამისა, აკრძალულია სახსრების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება, პირდაპირ ან ირიბად, ჩამოთვლილი ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის ან მათ სასარგებლოდ.