მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმი ერთდროულად მიმდინარეობს

20.10.24 10:46
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმი ერთდროულად მიმდინარეობს

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო რეფერენდუმი  დღეს ერთდროულად იმართება. დაახლოებით 2 ათასი საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა. ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი იღებს ორ ბიულეტენს: პირველი, ნაცრისფერია, საპრეზიდენტო კანდიდატების სიით და მეორე, მეწამული, კონსტიტუციაში ცვლილებების ტექსტით და კითხვით, მხარს უჭერენ თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით.

ნაცრისფერი ბიულეტენი შეიცავს მოლდოვას პრეზიდენტობის კანდიდატის 11 გვარს, მაგრამ მიმდინარე საპრეზიდენტო რბოლაში მხოლოდ ორი ფავორიტია: ამჟამინდელი პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც იბრძვის მეორე ვადით და მისი მთავარი ოპონენტი, რომელსაც მხარს უჭერს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური სოციალისტების პარტია (PSRM), მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლო.

იმისათვის, რომ კენჭისყრა ძალაში ჩაითვალოს, ამომრჩეველთა აქტივობის 33%-იანი ბარიერი უნდა გადაილახოს. კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდება. თუ ვერავინ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ორ კვირაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება, წინასწარი შედეგები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გამოცხადდება.