"ამერიკისთვის ოქროს ხანა იწყება" - დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი კაპიტოლიუმში საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს - დონალდ ტრამპმა ბიბლიაზე ფიცის დადების შემდეგ შეკრებილებს, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა.
მაღალი ტრიბუნიდან ერთი ვადის გამოტოვებით, ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ მისი გუნდის მიზანი ახალი, უფრო ძლიერი სახელმწიფოს შექმნა იქნება.
"ამერიკისთვის ოქროს ხანა იწყება" - განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომელიც ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.
დიდი მადლობა ყველას. ვიცე პრეზიდენტ ვენს, სენატორ ჯონს, მოსამართლე რობერტს, უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებს, პრეზიდენტ კლინტონს, პრეზიდენტ ბუშს, პრეზიდენტ ობამას, ბაიდენს. ვიცე-პრეზიდენტ ჰარის. ახლა იწყება ამერიკისთვის ოქროს ხანა. დღევანდელი დღიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და მოიპოვებს პირველობას მსოფლიოში. ჩვენი შეშურდება ყველას და ჩვენ არ მივცემთ არავის უფლებას, ისარგებლონ ჩვენით. ყოველდღე ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყოველთვის ყველგან პირველი იყოს ამერიკის შეერთებული შტატები.
ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი უსაფრთხოება იქნება პირველ პლანზე. სამართლიანობა ისევ იზეიმებს. იუსტიციის სამინისტროს გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისათვის დაესმება წერტილი. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, შევქმნათ ქვეყანა, რომელიც აყვავდება და იქნება თავისუფალი. ამერიკის შეერთებული შტატები გახდება კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო დიადი. ისეთი, როგორიც არ ყოფილა მთელი ისტორიის განმავლობაში.
მე ისევ ვხდები ამერიკის პრეზიდენტი და ვარ დარწმუნებული, რომ დგება ეპოქა ამერიკის შეერთებული შტატების ცხოვრებაში, რომლის მიზანი იქნება, რომ ამერიკა გახადოს პირველი. თავდაპირველად, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი სახელმწიფო. თუმცა მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენ ავკრებთ სისწრაფეს და მალე შევასრულებთ ყველა იმ დაპირებას, რომელიც არსებობდა ჩვენ მიმართ.
ჩვენი საზოგადოება გარკვეულწილად გაიყო, ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც ვერ გაუმკლავდა კრიზებს და მოგვიტანა მძიმე შედეგები. კანონები მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ძალიან საშიში დამნაშავეები აღმოჩნდნენ ჩვენ გვერდით", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა - ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე ფიცი დადო.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან.
ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.
ცნობისთვის, ამერიკის ისტორიაში ტრამპი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.