პოროშენკო - ვიღაც ჩემგან ზელენსკის კრიტიკას ელოდა, მაგრამ კრიტიკა არ იქნება

ვიღაც ჩემგან ზელენსკის კრიტიკას ელოდა, მაგრამ კრიტიკა არ იქნება, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკო Facebook-ზე დაწერა.
მისი თქმით, ერთადერთი რამ, რაც ახლა უკრაინას სჭირდება, ერთიანობაა.
ექსპრეზიდენტი წერს, რომ ზელენსკის „გეგმა ბ“ გააჩნია და სჯერა, რომ ბრიუსელსა და ლონდონში შეხვედრების შემდეგ უკრაინა რამდენიმე მნიშვნელოვანი "მესიჯით" გამოვა, როგორებიცაა: ევროპის ერთიანობა (უკრაინისთვის იარაღისა და დაფინანსების მიწოდება), ქვეყნის შიგნით ერთიანობა და გაგება “როდის და როგორ დავამთავროთ ომი?”
„და ახლა ყველას კითხვა აქვს: შემდეგ რა გავაკეთოთ?
ვიღაც ჩემგან ზელენსკი კრიტიკას ელოდა, მაგრამ არა, კრიტიკა არ იქნება, ვინაიდან ეს არ არის ის, რაც ქვეყანას ახლა სჭირდება…
უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთობები - არა მხოლოდ ზელენსკისა და ტრამპის ურთიერთობებია. ეს ორი დიდი ერის ურთიერთობებია, რომლებმაც იციან, რომ დემოკრატია და თავისუფლება ცარიელი სიტყვები არაა არც უკრაინისთვის, არც აშშ-სთვის. და არ შეგვიძლია საკუთარ თავს ანტიამერიკული განწყობების გავრცელების უფლება მივცეთ.
პირველ რიგში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც ამა თუ იმ ქმედებების შედეგად შესაძლოა ამერიკული იარაღის მიწოდებების გარეშე დარჩნენ. და ეს არანაირად არ არის პრეზიდენტ ზელენსკის კრიტიკა, ვინაიდან ერთადერთი რამ რაც ახლა უკრაინას სჭირდება, არის ერთიანობა“, - წერს პოროშენკო.
28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.