"მგონია, რომ პუტინი შეთანხმებას ხელს მოაწერს... მას ტრამპთან კარგი ურთიერთობა სჭირდება" - კოტრიკაძე

14.03.25 21:30
"მგონია, რომ პუტინი შეთანხმებას ხელს მოაწერს... მას ტრამპთან კარგი ურთიერთობა სჭირდება" - კოტრიკაძე

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრას, რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, ტელეკომპანია RTVI-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ეკატერინე კოტრიკაძე "ტვ პირველის" ეთერში აფასებს. 

ჟურნალისტი ფიქრობს, რომ 30 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას ვლადიმერ პუტინი დათანხმდება, თუმცა მისივე შეფასებით, უკრაინის ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანაზე საუბარი ზედმეტია. 

ეკატერინე კოტრიკაძე ამბობს, რომ ომის დანაშაულებში მხილებული პუტინი წინადადებას მხოლოდ იმის გამო გაიზიარებს, რომ სამომავლო გეგმებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან კარგი ურთიერთობა სჭირდება.

პირობები, რომლებიც პუტინმა დაასახელა, არის იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული კაცის გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ მას არ სურს მშვიდობა. 2008 წელს საქართველოში ვიყავი. ყველამ ვიცით, რა ხდებოდა 2014 წელს უკრაინაში. ყველამ ვიცით, როგორ დაიწყო პუტინმა ომი 2021 წელს უკრაინაში. ეჭვი არ მეპარება, რომ მას უკრაინის მთლიანად ოკუპაცია უნდა, კიევის, ოდესის, ხარკოვის ჩათვლით. მაგრამ ამ ეტაპზე, მისთვის მნიშვნელოვანია ტრამპთან ურთიერთობის დალაგება. დიდი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ტრამპი და პუტინი გაყოფენ მსოფლიოს. ამიტომ სჭირდება პუტინს დღეს ტრამპთან ურთიერთობები. ამიტომ მიდის შეთანხმებამდე. მე მგონია, რომ პუტინი მოაწერს შეთანხმებას ხელს...

მე მგონია, რომ პუტინი და ზელენსკი შეთანხმდებიან იმაზე, რომ ჯარები გაჩერდებიან იქ, სადაც დგანან დღეს. შეიძლება რაღაც ტერიტორიებზე იყოს საუბარი, მაგრამ ზოგადად, არ მგონია, რომ პუტინი საიდანმე ჯარების გაყვანაზე დათანხმდეს. ზელენსკი უკვე იმ მდგომარეობაშია, რომ არ აქვს საშუალება, რაღაც მოითხოვოს. ბევრჯერ უკრაინას უკვე გადასცეს ეს ინფორმაცია, დარწმუნებული ვარ. უკრაინამ უნდა გააცნობიეროს, რომ კომპრომისები იქნება საჭირო". - განაცხადა ეკატერინე კოტრიკაძემ. 

ცნობისთვის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, თუ რუსეთიც იმავე ნაბიჯს გადადგამს. 

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის პოზიციას, ის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას დათქმებით ითხოვს

მსგავსი სიახლეები