"ვისაც ომის დასრულება უნდა, ასე არ იქცევა" - ზელენსკი რუსეთის იერიშებზე

16.03.25 16:27
"ვისაც ომის დასრულება უნდა, ასე არ იქცევა" - ზელენსკი რუსეთის იერიშებზე

უკრაინის პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ერთ კვირაში რუსეთმა უკრაინაზე 1020-ზე მეტი თავდასხმის დრონი, თითქმის 1360 მართვადი საჰაერო ბომბი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა.

ვოლოდიმიერ ზელენსკი წერს, რომ საჭიროა, რუსეთზე ზეწოლის და სანქციები გაძლიერება. მისი თქმით, უკრაინამ, ევროპამ და ამერიკა ხანგრძლივი მშვიდობა ერთად უნდა უზრუნველყოს. 

ასობით თავდასხმა ჩვენს ქალაქებსა და თემებზე ამ კვირაში: ჩერნიგოვი, ხერსონი, დონეცკი, ხარკოვი, დნიპრო, ოდესა, პოლტავა, კიევი, მიკოლაევი, ზაპოროჟიე და სუმის რეგიონები. რუსებმა გაუშვეს 1020-ზე მეტი თავდასხმის დრონი, თითქმის 1360 მართვადი საჰაერო ბომბი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა.

ვისაც სურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ასე არ იქცევა. ამიტომ ჩვენ ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ვაიძულოთ შეწყვიტოს მისი აგრესია. საჭიროა გადამწყვეტი ზომები, მათ შორის სანქციები, რომლებიც უნდა იყოს არა მხოლოდ შენარჩუნებული, არამედ მუდმივად გაძლიერებული.

უკრაინა, ევროპა, ამერიკა და ყველა, ვისაც მშვიდობა სურს - ჩვენ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, - წერს ზელენსკი.