პუტინის მიერ გამოცხადებული "სააღდგომო ზავის" მიუხედავად, რუსები ხერსონს თავს დრონებით დაესხნენ
ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული "სააღდგომო ზავის" მიუხედავად, რუსები ხერსონს თავს დრონებით დაესხნენ.
თავდასხმას ოლქის გუბერნატორი ოლექსანდრ პროკუდინი ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში ადასტურებს.
როგორც ხერსონის გუბერნატორი ტელეგრამზე წერს, რუსებმა ოლქზე დრონებით შეტევა სწორედ 18:00 საათისკენ დაიწყეს. ოკუპანტების იერიშის შედეგად, პროკუდინის ცნობით, ქალაქ ხერსონის დნეპრის უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 7 ბინაში ცეცხლი გაჩნდა. დრონი აფეთქდა სოფელ უროჟანიეს ერთ ავტომობილშიც. რუსებმა დრონებით იერიში მიიტანეს ქალაქ სტანისლავზეც.
"18:00 საათისკენ - მტრის 8 უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, ხერსონის დნეპრის უბანში მაღალსართულიანი კორპუსის 7 ბინაში ხანძარი გაჩნდა.
19:05 - უროჟანიეში რუსული დრონი აფეთქდა მოქალაქის მანქანაში. ერთი საათის შემდეგ, კიდევ ერთი დრონი დაესხა თავს დასახლებას.
19:12 - მტრის უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა სტანისლავს.
სამწუხაროდ, სიმშვიდეს ვერ ვხედავთ. იერიშები გრძელდება და მშვიდობიანი მცხოვრებლები თავდასხმის ქვეშ კვლავ არიან.
ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთისთვის არაფერია წმინდა. და ოკუპანტების სიტყვების დაჯერება ნიშნავს ჩვენი თავების დაყენებას საფრთხის წინაშე. მოდით, ფხიზლად ვიყოთ!". - წერს პროკუდინი ტელეგრამზე.
ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, აღდგომასთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა.
პუტინის მიერ დაანონსებული ზავი, დღეს საღამოს, მოსკოვის დროით 18 საათიდან ამოქმედდება და 21 აპრილის 00:00 საათამდე გაგრძელდება.