რა ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროში - ბოჭორიშვილის უწყება განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - მაკა ბოჭორიშვილის სამსახურში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
რაც შეეხება უწყებაში გამოცხადებულ რეორგანიზაციას, ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში არ საუბრობს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს გააერთიანებს.
„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი არ შეესაბამება სიმართლეს. რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს. თავის მხრივ ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ipn.ge ავრცელებს.
ცნობისთვის, გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს და 250 თანამშრომელს ათავისუფლებს.