სისხლიანი ანგარიშსწორება პრეზიდენტის სახლთან - სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი
სისხლიანი ანგარიშსწორება მეხუთე პრეზიდენტის სახლთან - სალომე ზურაბიშვილი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მის სახლთან მომხდარი შემთხვევა ქვეყანაში უსაფრთხოების არარსებობას და განუკითხაობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ გამთენიისას ტყვიები ყველგან იყო მიმოფანტული, მათ შორის ერთი მის ეზოშიც.
კითხვაზე, ამ დროს ვინ იცავდა საქართველოს პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილმა მედიას უპასუხა: მე ძალიან კარგად ვიცავ ჩემს თავს და გომბორა (ძაღლი) მყავს ძალიან კარგი დამცველი.
- შეგახსენებთ, რომ მეხუთე პრეზიდენტს ივანიშვილის "ხელისუფლებამ" სახელმწიფო დაცვა მოუხნა.
რაც დავწერე ის მოხდა. მეტი არაფერი არ ვიცი. დანარჩენი ვისაც ეხება უსაფრთხოება, იმათმა უნდა გაიგონ რატომ მოხდა, რა მოხდა და როგორ შეიძლება ასეთი რამ შუა ქალაქში ხდებოდეს. ეს ახალგაზრდების დაპირისპირება არ იყო. მე რასაც ვუყურებდი, ახალგაზრდები არ იყვნენ, იყო რაღაცა სხვა კატეგორია, რომელიც მე არ ვიცი, ვინაა. ეს ნიშნავს უსაფრთხოების არარსებობას და განუკითხაობას ქვეყანაში.
მე ძალიან კარგად ვიცავ ჩემს თავს და გომბორა (ძაღლი) მყავს ძალიან კარგი დამცველი. 8-9 ტყვია იყო ამ დილით ყველგან მოფენილი. პოლიცია არა, გამოძიების უწყება მოვიდა შემდეგ. დააკავეს თუ არა ვინმე, ამის შედეგები მათ ჰკითხეთ უკვე", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, თავდაპირველად, გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში მომხდარი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილი წერდა, რომ სახლთან მუშტი-კრივი და წივილ-კივილი იყო, რაც ბოლოს იარაღის გამოყენებით დასრულდა.
გომელაურის უწყება ზურაბიშვილის სახლის მახლობლად სროლის და 2 პირის დაჭრის შესახებ ინფრომაციას ადასტურებს. შსს-ს განცხადების თანახმად, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, რომლის დაკავების მიზნით, საქმეზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.