"MEGOBARI ACT"-ი წარმომადგენელთა პალატაშია - რა მოლოდინები არსებობს "ოცნების" სანქცირების დოკუმენტის გარშემო

06.05.25 00:35
"MEGOBARI ACT"-ი წარმომადგენელთა პალატაშია - რა მოლოდინები არსებობს "ოცნების" სანქცირების დოკუმენტის გარშემო

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში "MEGOBARI ACT"-ის განხილვის პარალელურად, აშშ-ში მცხოვრები პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, გიორგი ხატიაშვილი ვარაუდობს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების დოკუმენტს მიიღებენ.

"არავინ არ დააყენებს ისეთ კანონპროექტს კენჭისყრაზე, რომლის ჩავარდნის ალბათობა მაღალია" - ამბობს გიორგი ხატიაშვილი. 

ამ აქტს დიდი ალბათობით მიიღებენ. მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც რაღაც გადის უკვე წარმომადგენლობით კენჭისყრაზე, დიდი ალბათობით მინიმუმ უმრავლესობამ იცის, რომ ხმები აქვთ, არავინ არ დააყენებს ისეთ კანონს კენჭისყრაზე, რომლის ჩავარდნის ალბათობა მაღალია. ამერიკის კონგრესში ჯერ ჯერობით ორპარტიული კონსენსუსია. შესაბამისად, წარმომადგენლობითი პალატა მიიღებს ამ კანონს და შემდგომ უკვე გადაეცემა სენატს და შემდეგ უნდა დაევლოთ პრეზიდენტის ხელმოწერას", - ამბობს გიორგი ხატიაშვილი.

ამავე პოზიციას იზიარებს ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი. ანი ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ "MEGOBARI ACT"-ს წინააღმდეგობა არ უნდა შეხვდეს.

მოლოდინი არის, რომ არ უნდა შეხვდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივას წინააღმდეგობა. ამ აქტის ვერსია უკვე მიიღო შეერთებული შტატების სენატმა, რის შემდეგაც ის უნდა დადგეს ასევე დღის წესრიგში სენატში. მას შემდეგ, რაც ორივე პალატა მას მხარს დაუჭერს, შემდეგ უკვე ორივე ვარიანტი გავა ორივე პალატის ხმის მისაცემად.

დიდი მოლოდინია, რომ ეს აქტი გავა წარმომადგენლობით პალატაში, ამის შემდეგ პროცედურა გადადის უკვე სენატის მხარეს. სენატში საჭიროა, რომ დღის წესრიგში დააყენონ ეს კანონი და თუ 10 დღის განმავლობაში არავის წინააღმდეგობა არ შეხვდება მას, მაშინ ის ავტომატურად გადაინაცვლებს საერთო სესიაზე. ეს კანონი ითვალისწინებს შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების დაწესებას იმ პირების მიმართ, ვინც მონაწილეობენ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობაში, ასევე იმ პირების მიმართ, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს მოსახლეობის არჩევანის წინ წაწევას, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილი", - ამბობს ანი ჩხიკვაძე.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში "MEGOBARI ACT"-ის განხილვა დაიწყო. 

კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად.

კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:

  • დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
  • დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.
  • ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.
  • არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.
  • რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
  • სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
  • დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.
  • ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;
  • ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;
  • რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
  • ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.

 

მსგავსი სიახლეები