"საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობა "ქართული ოცნების" ქმედებებმა შეარყია" - ბრაიან მასტი

06.05.25 00:24
"საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობა "ქართული ოცნების" ქმედებებმა შეარყია" - ბრაიან მასტი

"საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობა "ქართული ოცნების" ქმედებებმა შეარყია" - ამის შესახებ ბრაიან მასტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. 

კონგრესმენის თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით "რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას იმეორებს". 

საქართველო ნატოს წევრობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე იყო, განსაკუთრებით 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ. აშშ სარგებლობდა სამხედრო და დაზვერვის სფეროში თანამშრომლობით და საქართველოს მოსახლეობა თავისი პროამერიკული განწყობებით ცნობილია. საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა შეარყია „ქართული ოცნების“ ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას, ასევე ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით. პროდასავლური დემოკრატიული საქართველოს მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები აშკარაა. საქართველოს შავ ზღვაზე მდებარეობის გამო, ის შუა დერეფნის გავლით ვაჭრობისთვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს და შეიძლება რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენის გამაწონასწორებელ ძალად იქცეს.

ეს კანონპროექტი საქართველოს ალტერნატივას სთავაზობს. როგორც კი პრეზიდენტი დაადასტურებს, რომ საქართველო დაუბრუნდა თავის პროდასავლურ კურსს, კანონპროექტი ითვალისწინებს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას, სამხედრო თანამშრომლობასა და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარტნიორები კარგი საქციელისთვის უნდა დააჯილდოოს. ეს კანონპროექტი ქართველ ხალხზე თავდასხმას არ წარმოადგენს“, - განაცხადა კონგრესმენმა. (თარგმანი IPN). 

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში "MEGOBARI ACT"-ის განხილვა დაიწყო. 

კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად.

კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:

  • დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
  • დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.
  • ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.
  • არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.
  • რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
  • სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
  • დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.
  • ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;
  • ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;
  • რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
  • ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.

მსგავსი სიახლეები