უილსონი: "ოცნებამ" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ამერიკული კომპანიების შეთავაზება უარყო
"ქართულმა ოცნებამ" 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამერიკასთან ასოცირების კრიმინალიზაცია სწრაფად დაიწყო, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა "მეგობარი აქტის" განხილვისას განაცხადა.
კონგრესმენმა სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ამერიკული კომპანიების შეთავაზება უარყო და "აშშ-ს მიერ 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ან ჩინეთის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს გადასცა".
155 დღეზე მეტია, რაც თავისუფლების მოყვარული საქართველოს ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავისი ერის მომავლისა და სულის დასაცავად.
ისინი შეერთებული შტატების დროშებში არიან გამოწყობილები და ჩვენი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პლაკატებს დაატარებენ, რაც თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი მათი სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოხატულებაა.
მათი ნება ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიზნესმენის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს…
2020 წელს მქონდა ბედნიერება, მაშინ კომიტეტის თავმჯდომარის, ამჟამად კი [წარმომადგენელთა პალატის] სპიკერის, მაიკ ჯონსონის ხელმძღვანელობით, „რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის“ (RSC) ანგარიშში უსაფრთხოების შესახებ წარმედგინა, სადაც გამოვედი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით. რესპუბლიკელები ჯერ კიდევ მაშინ ხედავდნენ საფრთხეს, რომელსაც მაშინ ეს ავაზაკი და მისი მეგობრები ქმნიდნენ.
„ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად დაიწყო ამერიკასთან ასოცირების კრიმინალიზაცია 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. მან უარყო ამერიკული კომპანიების შეთავაზება სტრატეგიული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ მიერ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ. აშშ-ს მიერ 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ან მასთან აფილირებულ კომპანიებს, ანუ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს გადაეცა.
ეს ბლოკავს ამერიკის „შუა დერეფნიდან“ და უწყვეტს კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე წვდომას ცენტრალურ აზიაში, რომლის შემადგენელ ქვეყნებსაც ასევე სურთ იყვნენ ამერიკისა და დასავლური ცივილიზაციის მეგობრები. რეჟიმი ყოველდღიურ ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევა და აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს, ასევე, სენატის საგარეო საქმეთა თავმჯდომარეს, პატივცემულ ჯიმ რიშს, ადანაშაულებს კორუფციაში და „დიპ სტეიტის დაქვემდებარებაში“. სულ რაღაც გასულ კვირას მთავრობის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა, რომ დონალდ ტრამპი სახელმწიფოს იარაღი იყო...
ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ავაზაკებისათვის, მათი უკანონო ქმედებების გამო. იგი ასევე ითვალისწინებს ორმხრივი კავშირების გაძლიერებას მას შემდეგ, რაც საქართველო დაუბრუნდება თავის კონსტიტუციის ვალდებულებებს“. - განაცხადა ჯო უილსონმა. (თარგმანი "რადიო თავისუფლება").
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები დასრულდა - "MEGOBARI ACT"-ის კენჭისყრა დღესვე, თუმცა მოგვიანებით გაიმართება.
კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად.
კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.
MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:
- დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
- დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.
- ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.
- არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.
- რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
- სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
- დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.
- ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;
- ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
- ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;
- რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
- ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.