ივანიშვილი ცდილობს, ქვეყანა პუტინთან დააახლოოს - კოენი

06.05.25 01:18
ივანიშვილი ცდილობს, ქვეყანა პუტინთან დააახლოოს - კოენი

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში გამართული დებატების დროს, დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, ევროპული მომავლის მცველების უწყვეტ პროტესტე, ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასა და ერთპარტიული პარლამენტის მიერ დრაკონული კანონების შესახებ ისაუბრა. 

სტივ კოენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ქვეყნის პუტინთან დაახლოებას ცდილობს. ამასთან, კოენმა დააანონსა, რომ საქართველოში რუსეთის სადაზვერვო აქტივებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის ძირგამოსათხრელად რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ ანგარიში მომზადდება.

„ქართულმა ოცნებამ“ ორგანიზება გაუწია მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებს, მათ შორის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების აკრძალვას, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენებას მომიტინგეების უკანონოდ დაპატიმრებისა და ბრალდების წასაყენებლად…

დაახლოებით 12 წლის წინ მე ვიმყოფებოდი საქართველოში იმ არჩევნების დროს, რომლის შედეგადაც „ქართული ოცნება“ აირჩიეს. მაგრამ „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ იქცა.

ამერიკაშიც, დოქტორ მარტინ ლუთერ კინგს ჰქონდა ოცნება და ეს ოცნება დღემდე ცოცხლობს. თუმცა, საქართველოში, ქვეყანაში, ეს ოცნება აღარ არსებობს და ამ ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან უფრო აახლოებს.

ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით არალეგიტიმურმა „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 2024 წლის არჩევნები - მათ მართლაც გააყალბეს ეს არჩევნები ამ შემთხვევაში. მას შემდეგ მასობრივ საპროტესტო დემონსტრაციები არ წყდება.

ყოველ კვირას საქართველოში იმართება მასობრივი საპროტესტო აქციები თავისუფლებათა და უფლებათა ჩამორთმევის წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ ორგანიზება გაუწია მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებს, მათ შორის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების აკრძალვას, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენებას მომიტინგეების უკანონოდ დაპატიმრებისა და ბრალდების წასაყენებლად…

ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია უჭერს მხარს თავისუფლებას საქართველოში და ახლაც არ დავუშვათ გამონაკლისი. „მეგობარი აქტი“ ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა. როგორც ჰელსინკის კომისიის მაღალი რანგის წევრი, ვამაყობ, რომ დემოკრატიული პარტიიდან „მეგობარი აქტის“ წარმდგენი ვარ ჩემს მეგობარ ჯო უილსონთან ერთად.

ეს აქტი შეაფასებს საქართველოს მთავრობის ყველა თანამდებობის პირს სანქციების თვალსაზრისით. თუ დადგინდება, რომ ისინი ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას ან კორუფციაში არიან ჩართულნი, მათ სანქციები დაეკისრებათ. ასევე, მომზადდება ანგარიში საქართველოში რუსეთის სადაზვერვო აქტივებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის ძირგამოსათხრელად რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ.

რაც ხდება, არსებითად, რევოლუციაა, სადაც ივანიშვილი, რომელიც პარტიას მართავს და რუსეთში მის ინვესტიციებს ახორციელებს, ცდილობს ქვეყანა რუსეთთან და პუტინთან დააახლოოს.

დაბოლოს, ეს კანონპროექტი და ხედვა ასევე ითვალისწინებს აშშ-საქართველოს ძლიერ ურთიერთობას მას შემდეგ, რაც საქართველო დაუბრუნდება ტრადიციულ ევროატლანტიკურ გზას, რომელიც მისივე კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და რასაც მისი ხალხი მოითხოვს“. - განაცხადა სტივ კოენმა. (თარგმანი - "რადიო თავისუფლება"). 

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები დასრულდა - "MEGOBARI ACT"-ის კენჭისყრა დღესვე, თუმცა მოგვიანებით გაიმართება. 

კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად.

კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:

  • დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
  • დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.
  • ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.
  • არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.
  • რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
  • სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
  • დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.
  • ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;
  • ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;
  • რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
  • ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.

მსგავსი სიახლეები