ზურაბიშვილის მოწვევით თბილისში ევროპარლამენტარებს და ამერიკელ პოლიტიკოსებს ელოდებიან
სალომე ზურაბიშვილის მოწვევით თბილისში ევროპარლამენტარებს და ამერიკელ პოლიტიკოსებს ელოდებიან. ამის შესახებ მეხუთ პრეზიდენტმა გუშინ "წინააღმდეგობის პლატფორმის" წევრებთან და საქართველოს მეგობართა საერთაშორისო ჯგუფთან დისტანციური შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ისაუბრეს.
პარტნიორების ვიზიტი საქართველოში 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს არის დაანონსებული. ეს დღე პრეზიდენტმა საგანგებოდ შერჩია, რადგან ქვეყნის მთავარ გამზირზე რეჟიმის მოწინააღმდეგეების დიდი აქციაა დაგეგმილი. ზურაბიშვილმა პარტნიორებს მოუწოდა, დამოუკიდებლობის დღე რუსთაველის გამზირზე მათთან ერთად აღნიშნონ.
დავასრულეთ შეხვედრა დისტანციურად, შეხვედრა წინააღმდეგობის პლატფორმის და ჩვენი მეგობრების, რომლებიც არიან გაერთიანებულნი საქართველოს მეგობართა ჯგუფში. მათ წარვუდგინეთ ეს ახალი პლატფორმა, ჩვენი მთავარი პრინციპები მუშაობის, ასევე ის, რომე ს დაფუძნებულია ქართულ ქარტიაზე და ჩვენი ერთობლივი მიზანი პირველი - ახალი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება.
ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ჩვენი მეგობრები 26 მაისს, რომ ერთად, ქართველ ხალხთან ერთად ამით გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა.
ჩვენ ასევე აღვწერეთ დღევანდელი მდგომარეობა პოლიტიკური, ბოლო გადაწყვეტილებები, რაც მიღებული იქნა, თუნდაც მედიის შესახებ. ის ახალი კანონმდებლობა, რომელსაც ასაღებს „ქართული ოცნება“ ვითომ ბრიტანულ კანონმდებლობასთან არის მიახლოებული. ეს არის მათი ჩვეულებრივი ფორმა, რითაც ასაღებენ რუსულ კანონებს როგორც ხან ბრიტანულს, ხან ამერიკულს, მაგრამ ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის რეპრესიების გაგრძელება და ამას სჭირდება კიდევ მეტი რეაგირება ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, - თქვა გუშინ შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილმა.