ლევან ღამბაშიძე: ნინო წილოსანმა მიჩივლა და 10 ათას ლარს მთხოვს
ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ლევან ღამბაშიძეს უჩივლა. როგორც ფილოსოფოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, წილოსანი მისგან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.
საქმე ეხება ლევან ღამბაშიძის მიერ 12 თებერვალს გამოქვეყნებულ FB-პოსტს, სადაც ფილოსოფოსი წილოსანის მამაზე წერდა.
ამ პოსტს 13 თებერვალს უპასუხა ნინო წილოსანმა და დაწერა, რომ თუ ღამბაშიძე 65 მილიონის მოპარვის „ცრუ ბრალდებას საჯაროდ არ უარყოფს“, სასამართლოში შეხვდებოდნენ“.
დღეს, 6 მაისს, ლევან ღამბაშიძემ დაწერა, რომ ნინო წილოსანი მისგან 10 000 ლარს და ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.
„ბედი ხო არაფერში არ მაქვს. ხალხი რა ბრძოლას და განსაცდელს გადის და როგორი საგმირო პერიოდი უდგას საქართველოს, მე კიდე წილოსანმა მიჩივლა და ათი ათას ლარს მთხოვს და კიდე უნდა ვთქვა, რომ მის ოჯახს არ მოუპარავს 65 მილიონი, რასაც ქოცების პროკურატურა ამტკიცებდა ათ წელზე მეტ ხანს.
არა და ასე ვიცოდი, რომ მისმა ოჯახმა 65 მილიონი მოიპარა რაღაც ვაგონთმშენებლისაგან. თქვენც ხომ არ გსმენიათ, რომ მის ოჯახს 65 მილიონი ჰქონოდეს მოპარული ვაგონთმშენებლისაგან? თუ რამე იცით, იმის შესახებ, რომ წილოსანის ოჯახს ვაგონთმშენებელი ქარხნის საშუალებით 65 მილიონი აქვს მოპარული, კომენტარებში ჩამიყარეთ, იქნებ გამომადგეს სასამართლოში. ჯერ რაღაცა უნდა ჩავიბარო და მეტი დეტალი მერე მეცოდინება“, - დაწერა ღამბაშიძემ.
საუბარია რეზონანულს საქმეზე, რომელიც 2013 წელს აღიძრა და ბოლო 10 წლის განმავლობაში იხილებოდა.
2013 წელსფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამბობდა, რომ საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვასთან გვქონდა.
2024 წელს 65 მილიონის ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.