დასადგენია ხომ არ არის მონტაჟის კვალი - გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი პენიტენციურს პასუხობს
დასადგენია, ხომ არ არის მონტაჟის კვალი - გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის ადვოკატი, მუხრან ღურწკაია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე პირველ განცხადებას აკეთებს.
ადვოკატი პაატა სალიას უწყებას მოუწოდებს, სრული ვიდეიო-მასალა გაასაჯაროოს.
ვიდეო-მასალა, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, სრულყოფილი არ არის. გამოაქვეყნონ სრულყოფილად ეს ვიდეო-მასალები - როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ნაწილობრივ გამოაქვეყნეს. რატომ ნაწილობრივ და რატომ არა სრულად?! გამოძიებას ეს ვიდეო-მასალა ამოღებული აქვს და უნდა გამოაქვეყნონ თავიდან-ბოლომდე. რატომ ჭრიან ამ ვიდეოს? - რაც მათ აწყობთ იმას აქვეყნებენ. ისიც დასადგენია, ამ ვიდეოში ხომ არ არის რამე მონტაჟის კვალი და რამე ჩარევები!"- აცხადებს მიხრან ღურწკაია.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ისევ ამტკიცებს, რომ პატიმარ იოსებ გორგაძის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
იუსტიციის სამინისტრო 29 წუთიან ვიდეოს ასაჯაროებს, სადაც მათივე თქმით, ჩანს 21, 22 და 23 იანვრის ჩანაწერის კადრები.
პაატა სალიას უწყება განმარტავს, არსებული ვიდეო მასალა საკმაოდ მოცულობითია და ასაჯაროებენ "მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს".
- კადრებში იოსებ გორგაძის გადაადგილება და საკანში ექიმების შესვლა ჩანს. თითქმის ნახევარსაათიან ვიდეოში არსად ჩანს, სად და რა ვითარებაში მიიღო პატიმარმა დაზიანებები.