"აშშ "ოცნების" წინააღმდეგ ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე ამოქმედდა" - კოალიცია "ცვლილებისთვის" "MEGOBARI აქტზე"
"MEGOBARI აქტის მიღებით აშშ "ოცნების" წინააღმდეგ ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე ამოქმედდა" - ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღებას.
როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, "მეგობარი აქტის" კენჭისყრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველ ხალხს, საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში.
"აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი მეგობარი აქტის მიღებას, რითიც ჩვენი ქვეყნის ამერიკელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს უდიდესი მხარდაჭერა ქართველ ხალხს და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ივანიშვილის უზურპატორი, მოძალადე, ავტორიტარული, რუსული რეჟიმის პასუხისმგებლობისკენ.
მეგობარი აქტი ითხოვს - პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებასა და იმ პირების სანქცირებას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენების ზრდას. ასევე, სანქციები მათი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში.
მეგობარი აქტის კენჭისყრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველ ხალხს, საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში.
აქტის მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლების რიტორიკა თითქოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები შეიძლება საქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიულ პროცესს შეეგუონ და უზურპატორი ე.წ. ხელისუფლების ლეგიტიმაცია აღიარონ, არის ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის გამიზნული პროპაგანდა. მეგობარი აქტის მიღებით ამერიკის შეერთებული შტატები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე ამოქმედდა.ჩვენ, პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნისა და საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის ვიბრძვით, ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას და დარწმუნებულნი ვართ, რომ მეგობარი აქტი მალე გაივლის დარჩენილ პროცედურებს, რაც ნიშნავს მძიმე წნეხს მათ წინააღმდეგ, ვინც ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ხოლო მნიშვნელოვან მხარდაჭერას მათთვის, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვის", - წერია განცხადებაში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო.
აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
- კანონპროექტს მხარი დაუჭირა ჯამში 349-მა კონგრესმენმა, კერძოდ, მხარდამჭერებიდან - 168 რესპუბლიკელია, 181 კი დემოკრატი. წინააღმდეგ 42 წავიდა, 42-ს კი ხმა არ მიუცია.