დაანონსებული სანქციები "ოცნებას" - რეჟიმის მსახურებს წამზომი ჩაურთეს
"ქართული ოცნების" დეპუტატებს შეთქმულების საკუთარი თეორია ამშვიდებთ. მეგობარი აქტის კონგრესში დამტკიცებამ პარტიაზე მძიმედ იმოქმედა. მათი დასანქცირების დოკუმენტის განხილვა ვერც ტრამპის გამარჯვებამ შეაჩერა და ვერც ვაშინგტონში შეხვედრებმა. იციან, რომ კანონის ძალაში შესვლა, ფაქტობრივად, გარდაუვალია, თუმცა არ იციან, როგორ ახსნან.
მეგობარი აქტის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, არ არის გამორიცხული, ყველა ეს დეპუტატი სანქცირების სიაში აღმოჩნდეს, რადგან კონგრესში დამტკიცებული კანონპროექტი ყველა იმ პირზე პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს, ვინ ქვეყნის განვითარების კურსი შეცვალა - მიიღო რეპრესიული კანონები, იძალადა მოქალაქეებზე და ზურგი აქცია ევროპას. დასანქცირების კანდიდატები იქნებიან არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ბიზნესის ის წრე, ვინც ოლიგარქიულ მმართველობას აცოცხლებს და ეხმარება.
"ოცნება" პირობას დებდა, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ შტატებთან ურთიერთობას დაალაგებდა, თუმცა, ფაქტია, რომ თავად არაფერი შეუცვლია. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია ყოველ ჯერზე მკაფიო იყო - მას "ოცნების" მოქმედებებში უნდა დაენახა, რომ ივანიშვილი ურთიერთობის აღდგენას სერიოზულად ეკიდებოდა.
რეპრესიული აპარატი ლევან დავითაშვილის შტატებში ჩასვლის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა, ეს კი აჩენს მოსაზრებას, რომ ივანიშვილის ინტერესში გადატვირთვა არასდროს ყოფილა, ამიტომ მეგობარი აქტს მის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე პასუხადაც მიიჩნევენ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.