გომელაურის უწყებამ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო - პროცესი დღეს ჩაინიშნა

07.05.25 11:47
გომელაურის უწყებამ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო - პროცესი დღეს ჩაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო.

„ბათუმელების" ინფორმაციით, პროცესი დღეს, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

მზია ამაღლობელს შსს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას ედავება, თითქოსდა ამ ქმედებით იერსახე დამახინჯდა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითაა სასამართლოში შესული. 

მოგვიანებით, აღნიშნულ საქმეზე განცხადება გაავრცელა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა. 

ნონა ქურდოვანიძის თქმით, ჟურნალსიტის მიმართ უსამართლობის ციკლი არ სრულდება: 

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ახალი ოქმი შეადგინეს.

ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძრეს. შეგახსენებთ, რომ მზია ამ ქმედების გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყავდათ, თუმცა, მიხვდნენ, რომ პლაკატის გამო დაკავების უფლება არ ჰქონდათ, ოქმები გააყალბეს და ჩაწერეს, რომ 173-ე მუხლის ჩადენას ედავებოდნენ. ეს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე განიხილა და მზია უსამართლოდ დააჯარიმა.

მზიას მიმართ ჩადენილი უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის კიდევ ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას"- აღნიშნავს ქურდოვანიძე. 

 საქმის მოსამართლე 32 წლის მარიანა ფომაევაა, რომელიც მოსამართლე გასული წლის ბოლოს, დეკემბერში გახდა.

მსგავსი სიახლეები