გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა

07.05.25 12:35
გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა

გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი წერეთელი აღარ არის - როგორც bm.ge-ის უწყებაში უთხრეს,  წერეთელმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

ირკვევა, რომ დეპარტამენტს ამ დროისთვის ახალი ხელმძღვანელი არ ჰყავს და მის მოვალეობას მოადგილე ასრულებს.

  • გიორგი წერეთელი უწყებაში 2021 წელს დაინიშნა. მანამდე, 2018 წლის აპრილიდან კი იგი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორად უნდა გაყოფილიყო.

რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატად კობახიძემ თავდაპირველად, 2 აპრილს გრიგოლ ლილუაშვილი დაასახელა, რომელიც მანამდე სუს-ის უფროსის პოსტს იკავებდა. თუმცა 4 აპრილს გაირკვა, რომ შეუთანხმებლობის გამო ლილუაშვილი ამ პოსტს აღარ დაიკავებდა. საბოლოოდ, ამ თანამდებობაზე თბილისის ვიცე-მერი კახა გულედანი დაინიშნა.

ამასთან, პირვანდელი ინფორმაციით, გაყოფილი სამინისტროს ინფრასტრუქტურის მიმართულებას ირაკლი ქარსელაძე ჩაიბარებდა, თუმცა 24 აპრილს გაირკვა, რომ თანამდებობიდან ქარსელაძეც წავიდა და იგი რევაზ სოხაძემ ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები