რას უკავშირდება „რკინიგზის“ დირექტორის პოსტიდან წასვლა - დავით ფერაძე წარსულში „მტკვარი ჰესის“ დირექტორი იყო
საქართველოს რკინიგზას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - დღეს ცნობილი გახდა, რომ რკინიგზას დავით ფერაძე აღარ უხელმძღვანელებს და ის ამ პოსტზე ლაშა აბაშიძემ ჩაანაცვლა.
საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციის თანახმად, ლაშა აბაშიძე დავით ნარმანიას თბილისის მერობის პერიოდში მისი მოადგილე და დედაქალაქის ვიცე-მერიც იყო.
დავით ფერაძე კი საქართველოს რკინიგზას 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.
„საქართველოს რკინიგზაში“ მისვლამდე ფერაძე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ მუშაობდა - იყო „მტკვარი ჰესის“ დირექტორი.
„მტკვარი ჰესის" სახელი გიორგი ბაჩიაშვილისათვის წაყენებულ ერთ-ერთ ბრალში გვხვდება.
- საქართველოს პროკურატურამ შპს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი 25 თებერვალს წაუყენა. ეს უკვე მესამე საქმეა, რომელიც ამ ბიზნესმენის წინააღმდეგ არის აღძრული. ორ შემთხვევაში ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი.
- „მტკვარი ჰესის" საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.
უცნობია, არის თუ არა დავით ფერაძის შეცვლა კავშირში საქმის გამოძიებასთან.