"ოცნების" ყრილობა 18 წუთში დასრულდა - ივანიშვილს საკუთარი პარტიისთვის არ მიუმართავს

07.05.25 14:26
"ოცნების" ყრილობა 18 წუთში დასრულდა - ივანიშვილს საკუთარი პარტიისთვის არ მიუმართავს

"ქართული ოცნების" რიგით IX ყრილობა დაწყებიდან 18 წუთში დასრულდა - სასტუმრო "პარაგრაფში", სადაც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრები აირჩიეს, ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა, თუმცა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ღონისძიების დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია. ოლიგარქს არც დელეგატებისთვის მიუმართავს. 

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან და პოლიტიკიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ გამართულ პირველ ყრილობაზე პარტიამ თავმჯდომარედ კვლავ აირჩია ირაკლი კობახიძე, რომელიც ამ პოსტს 2024 წლის 1 თებერვლამდე იკავებდა. 7 მაისს გამართულ ყრილობაზე დაამტკიცეს მცირედით შეცვლილი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც.

ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააცნო დასწრეებს.

შესავალ სიტყვაში კობახიძემ მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს „ყველა დამსახურებისთვის“, ხოლო „უდიდესი მადლობა“ გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს „ქართული საქმის კეთებისთვის“.

"ქართული ოცნების" ახალმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიას სამზადისი უკვე დაწყებული აქვს.

მსგავსი სიახლეები