"ეს მხოლოდ დასაწყისია" - გიორგი ვაშაძე მეგობარ აქტზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, მეგობარი აქტით გათვალისწინებული სია, რომელიც კონრეტული ადამიანების დასანქცირებას ითვალისწინებს, ზუსტად მიუთითებს, სად არის პრობლემები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისი და გაგრძელება კიდევ უფრო მძიმე იქნება.
ამასთან, ვაშაძე ყურადღებას ამახვილებს დასასანქცირებელტა სიაში ცესკოს თავმჯდომარის შეყვანაზეც. პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ცესკოა ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი სიყალბის წყარო.
მეგობარი აქტი გვიჩვენებს, რომ საქართველოში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი და ეს უკვე ოკეანის გაღმაც არ იმალება. მეორე, ჩვენი ძლიერი მეგობარი ამერიკა, ძალიან სისტემურად უდგება ამ კრიზისს და ვფიქრობ, რომ ეს სია, რომელიც წარმოდგენილია, გარდა სახელ-გვარებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ სისტემურად არის დანახული, სად არის მთავარი პრობლემები და რაღა თქმა უნდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ერთ-ერთი მთავარი სიყალბის წყარო საქართველოში. ამიტომაც, ეს ორი პიროვნება არის შეტანილი სავარაუდო სანქცირებულთა სიაში, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, უფრო მეტი იქნება. ამიტომ, მათაც ვურჩევ, სხვათა შორის, დატოვონ თანამდებობა. და მეორე, რას მიუთითებს ეს? ამ ადამიანების პირობებში საქართველოში არჩევნების ჩატარება არის შეუძლებელი, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვისაც შეერთებული შტატები პირველ რიგში დაასანქცირებს.
სიაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, ბიზნესმენები და “ოცნების“ პროპაგანდისტები მოხვდნენ.