იზოლაციაში შევდივართ, ქვეყანაში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი ივანიშვილია - ზურაბიშვილი
„MEGOBARI აქტი“და ის სია, რომელიც გამოქვეყნდ, ნიშნავს, რომ იზოლაციაში შევდივართ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში არსებულ კრიზისზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილზეა.
პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ქვეყანა გადასარჩენია და ამიტომ ახალი არჩევნები ყველამ ერთად უნდა მოითხოვოს.
„ეს მაჩვენებელია იმის, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია. კრიზისი ექვსი თვეა გრძელდება და ქვეყანა პარალიზებულია, მაგრამ „MEGOBARI აქტი“და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა (რომელიც პრაქტიკულად, „ქართული ოცნების” ყველა მაღალჩინოსანს ეხება და ალბათ, ამით არ მთავრდება) ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იზოლაციაში შევდივართ. ქვეყანა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან იზოლაციაში შედის. ერთი მხრივ, ევროკავშირთან, რომელსაც ყოველდღიურად „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ. მეორე მხრივ, ამერიკასთან. ეს სია უკვე მოქმედებს, იმიტომ, რომ ასეთ სიაში აღმოჩენა ნიშნავს, რომ ყველა ქვეყნის საზღვრებზე, ეს გვარები და სახელები ცნობილია. ზოგადად, ეს ქვეყნისთვის კრიზისია.
ქვეყანაში არსებულ კრიზისზე მთლიანად პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი და არა ჩვენი პარტნიორები. არავინ არ არის პასუხისმგებელი, გარდა იმ ადამიანის, რომელიც ამ ქვეყანას ერთპიროვნულად (შეიძლება რუსეთის ინსტრუქციებით) მართავს და ჩიხში, უფსკრულში მიჰყავს. აქედან გამოსვლის [გზა] ახალი არჩევნებია.
ქვეყანას უნდა ვუშველოთ და ამას ერთად უნდა ვუშველოთ იმით, რომ ყველა ერთად დავდგეთ და ვთქვათ, რომ არჩევნები სასწრაფოდ დასანიშნია. იმიტომ, რომ ქვეყანას დრო უკვე აღარ ჰყოფნის იმისთვის, რომ ამ ღრმა ჩიხიდან გამოვიდეს, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვისაც შეერთებული შტატები პირველ რიგში დაასანქცირებს.
სიაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, ბიზნესმენები და “ოცნების“ პროპაგანდისტები მოხვდნენ.