EU საქართველოს, ეტაპობრივად, ყველა თანამშრომლობის ფორმატს გაუუქმებს - სამადაშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ევროპის დღეზე ვარშავაში საქართველოს არმიწვევა გასაკვირი არ არის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ვიდრე ქვეყანაში ხელისუფლება არ შეიცვლება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებული იქნება.
სამადაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ევროკავშირი საქართველოს ეტაპობრივად ყველა თანამშრომლობის ფორმატს გაუუქმებს.
საქართველოს დიდი ხანია არსად აღარ იწვევენ, სადაც მნიშვნელოვანი დღის წესრიგი დგება ევროკავშირის გაფართოების, იმიტომ, რომ ჩვენ გასაგებად გვითხრეს, რომ სანამ ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გაყალბებით, მართავს ამ ქვეყანას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული. ამიტომ, სანამ არ შევცვლით ხელისუფლებას და არ ჩატარდება ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები, სამწუხაროდ, საქართველოს ეტაპობრივად გაუუუქმებენ ყველა თანამშრომლობის ფორმატს, არათუ ის, რომ ჩვენ წინ წავიდეთ გაწევრიანების გზაზე და მიგვიწვიონ რაღაც ფორუმებზე, სადაც კანდიდატი ქვეყნები იმყოფებიან, - ამბობს სამადაშვილი.
ევროპის დღე ევროპაში საქართველოს გარეშე - ვარშავაში, სადაც ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეკრება გაიმართა, "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ დაუპატიჟებიათ. არადა, შეკრებაზე ალიანსის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელი მიიწვიეს. დაპატიჟეს უკრაინა, მოლდოვა და თურქეთიც.
ევროპის დღეს პოლონეთში ევროკავშირის ლიდერები კანდიდატი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად აღნიშნავენ, თუმცა მაკა ბოჭორიშვილი სტუმრების სიაში ვერ მოხვდა.