კობახიძე ამტკიცებს, რომ EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე "ოცნების" არმიწვევა "დიფ სთეითის დავალებაა"
არალეგიტიმური პრემიერი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე "ოცნების" არმიწვევას "უსამართლოს" უწოდებს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროპელ ჩინოვნიკები დიფ სთეითის დავალებით მოქმედებენ.
"ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ მათ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ევროკავშირი მათ მაინც უსმართლოდ მოექცა.
თქვენ იცით რა არის საერთო სურათი 2022 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე. ჯერ სრულიად უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ქართველ ხალხს უთხრეს მაშინ უარი, არავითარი დასაბუთება არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით.
შემდეგ წელიწად-ნახევარი არ გვაძლევდნენ სტატუსს, შემდეგ უარი გვითხრეს მოლაპარაკებების გახსნაზე და ასე შემდეგ. ეს უსამართლობა გრძელდება. ეს არის უსამართლობა, რომელსაც ახორციელებენ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიგვეღო თავის დროზე კანდიდატის სტატუსი. 2022 წლიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო. თუ ევროპელ ჩინოვნიკებს ექნებათ დავალება, მიდგომები შეიცვლება. მაგრამ, ჯერჯერობით დიფსთეითისგან მათ აქვთ მიღებული განსხვავებული დავალება, რომ მაქსიმალურად სცადონ და დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს...
რა იზოლაციაზეა საუბარი, ეს არის უსამართლობა. ჩვენი პასუხისმგებლობა როგორ იქნება, როცა ისინი ჩადიან უსამართლობას. უსამართლობაზე ჩვენ როგორ შეიძლება ვიყოთ პასუხისმგებელი? ხომ ხედავთ, რომ არის სრული ტოტალური უსამართლობა,- განაცხადა კობახიძემ.
ევროპის დღე ევროპაში საქართველოს გარეშე - ვარშავაში, სადაც ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეკრება გაიმართა, "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ დაუპატიჟებიათ. არადა, შეკრებაზე ალიანსის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელი მიიწვიეს. დაპატიჟეს უკრაინა, მოლდოვა და თურქეთიც.
ევროპის დღეს პოლონეთში ევროკავშირის ლიდერები კანდიდატი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად აღნიშნავენ, თუმცა მაკა ბოჭორიშვილი სტუმრების სიაში ვერ მოხვდა.