გულდასაწყვეტია, რომ EU-ის კანდიდატ ქვეყნებთან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს გარეშე გაიმართა-ჰერჩინსკი
როგორც ევროკავშირის ელჩისთვის საქართველოში, ჩემთვის გულდასაწყვეტია ამის დანახვა, რომ გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან, საქართველოს მონაწილეობის გარეშე,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, “ქმედებები, გადაწყვეტილებები და კანონმდებლობა, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში იქნა მიღებული, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, აშორებს საქართველოს ევროპული გზიდან.“
ჰერჩინკსი ამბობს, რომ ევროკავშირმა 2023 წელს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მისცა, თუმცა წევრობამდე, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაიაროს.
ჩვენ საქართველოს 2023 წლის დეკემბერში მივეცით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, იმ მოლოდინების საფუძველზე, რომ ეს არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ ხელისუფლების ნება, რომ საქართველო ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი. ამისთვის, როგორც უკვე ვთქვით, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაიაროს. ეს რეფორმები უნდა იქნას გამოყენებული ყველა იმ ქვეყანაზე, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, სამწუხაროდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომენტიდან ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე პროგრესს, რაიმე შესაძლებლობას და თქვენს სურვილს, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ჩვენი ერთ-ერთი წევრი. არამედ პირიქით, ქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში იქნა მიღებული საქართველოს ხელისუფლების მიერ, იმის ნაცვლად, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობასთან დააახლოოს, აშორებს საქართველოს ევროპული გზიდან. და აი, შედეგები. როგორც ევროკავშირის ელჩისთვის საქართველოში, ჩემთვის გულდასაწყვეტია ამის დანახვა, რომ გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან, საქართველოს მონაწილეობის გარეშე,-თქვა ჰერჩინკსიმ.
ევროპის დღე ევროპაში საქართველოს გარეშე - ვარშავაში, სადაც ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეკრება გაიმართა, "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ დაუპატიჟებიათ. არადა, შეკრებაზე ალიანსის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელი მიიწვიეს. დაპატიჟეს უკრაინა, მოლდოვა და თურქეთიც.
ევროპის დღეს პოლონეთში ევროკავშირის ლიდერები კანდიდატი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად აღნიშნავენ, თუმცა მაკა ბოჭორიშვილი სტუმრების სიაში ვერ მოხვდა.