ვინ დაელაპარაკება ირაკლი კობახიძეს ევროპის პოლიტიკურ სამიტზე? - რას ფიქრობენ ოპოზიციაში

09.05.25 15:24
ვინ დაელაპარაკება ირაკლი კობახიძეს ევროპის პოლიტიკურ სამიტზე? - რას ფიქრობენ ოპოზიციაში

 

ივანიშვილის პრემიერი ევროპის პოლიტიკურ სამიტზე გასამგზავრებლად ემზადება, თუმცა ამბობს, რომ არ იცის, ვინ დაელაპარაკება ტირანაში.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ თუ ირაკლი კობახიძემ ევროპელ ლიდერებთან გასაუბრება შეძლო, ივანიშვილის პრემიერი მათგან კრიტიკის მეტს ვერაფერს მოისმენს და საუბარი აუცილებალდ შეეხება ახალ არჩევენბს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. 

ძალიან კარგია თუ ჩავა და ვინმეს შეხვდება. იმიტომ, რომ იცით რას ეტყვიან? - დაანებეთ რუსული ყაიდის კანონების მიღებას თავი. გამოუშვით სინდისის პატიმრები, ჩაატარეთ ახალი არჩევნები იმისთვის, რომ პოლიტიკური ღრმა კრიზისი, რაც არის ქვეყანაში, იყოს განმუხტული, რომლის წყაროც არის "ქართული ოცნება". აი ამას ეტყვიან და მე მინდა, შეხვდეს რაც შეიძლება მეტ ლიდერს, თუ ის იქ ამას შეძლებს", - აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერს, ანა დოლიძეს კი ეჭვი ეპარება, რომ კობახიძემ "ფოტოს გადაღების მიღმა" რამე შეძლოს, ამიტომაც მისთვის საინტერესოა, როგორ აპირებს "ოცნება" თუნდაც 2030 წლისთვის ევროპასთან დაახლოებას. 

ისინი არ აღიარებენ და თავის ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ ჩვეულებრივად მიდიან ევროპისკენ. არ აღიარებენ, რომ პრობლემები აქვთ. თუ ეს მართალია, მაშინ ნებისმიერი შესაძლებლობა ევროპულ ვითარებაში მოხვედრის, უნდა იყოს გამოყენებული, რომ ეს დღის წესრიგი გაძლიერდეს. როდესაც ეს არ ხდება და ელემენტარულად, ფოტოს გადაღების მიღმა, შენ ვერაფერს ვერ ახერხებ, კითხვის ნიშნები კიდევ ერთხელ დაისმება - საიდან არის მათი ამბიცია 2030-ში რომ ვთქვათ, ევროპას უნდა დაუახლოვდნენ", - ამბობს ანა დოლიძე. 

16 მაისს ტირანაში ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან, მასპინძელმა ქვეყანამ, ალბანეთთმა დაპიტიჟა ირაკლი კობახიძეც. ივანიშვილის პრემიერმა დღეს მედიასთან თქვა, რომ მიდის, თუმცა ჯერ არ იცის, შეხვდება და დაელაპარაკება თუ არა ვინმე ევროპის პოლიტიკურ სამიტზე.

ივანიშვილის პრემიერი ვერ ამბობს, რომ რომელიმე ლიდერთან ორმხრივი შეხვედრა აქვს ჩანიშნული.

კობახიძე ამბობს, ვინც გამოთქვამს მასთან საუბრის სურვილს, ყველას დაელაპარაკება.