"არამეგობრული აქტია" - პაპუაშვილი ვარშავაში არმიწვევაზე
არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე "არამეგობრულ აქტს" უწოდებს ფაქტს, რომ ვარშავაში ევროკავშირის არაოფიციალურ შეკრებაზე "ოცნება" არ დაპატიჟეს. შალვა პაპუაშვილი თავს პოლონეთის მთავრობას ესხმის და მას ქართველი ხალხის წინააღმდეგ საბოტაჟში ადანაშაულებს. "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის მეგობარი ქართველი ხალხის მეგობარი ვერასდროს იქნება.
პოლონეთის ხელისუფლებამ, გახსოვთ თქვენ, რომ ჩვენ ვაჩვენეთ მათ ღიაობა, მივეცით შესაძლებლობა, გამოვიჩინეთ კეთილი ნება და მიხეილ სააკაშვილთან პოლონეთის მთავრობის ექიმების ჯგუფი შევუშვით.იმის ნაცვლად, რომ ეს კეთილი ნება დაფასებულიყო, მივიღეთ ზურგში დანა. გახსოვთ თქვენ, რომ ერთ-ერთმა ექიმმა სცადა ფარულად გატანა რაღაც ანალიზების და ფაქტობრივად, ქართველ ხალხს გვიწყობდა ეს ჯგუფი ექიმების საბოტაჟს.
ამიტომ, ეს გადაწყვეტილებაც არის არამეგობრული აქტის ქართველი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ, მთავრობა, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი და გვახსოვს ჩვენ მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რა თქმა უნდა, აქედან ასეთი არამეგობრული ნაბიჯი ამ მხრივ გასაკვირი არ არის. აქსიომაა, ის, ვინც არის სააკაშილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ამიტომ, პოლონეთის მთავრობა თავად უნდა ჩამოყალიბდეს, რა სურს მას. სააკაშვილის მეგობრობას უნდათ, რომ გადააყოლონ პოლონელი და ქართველი ხალხის მეგობრობა, - ამბობს პაპუაშვილი.
ევროპის დღე ევროპაში საქართველოს გარეშე - ვარშავაში, სადაც ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეკრება გაიმართა, "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ დაუპატიჟებიათ. არადა, შეკრებაზე ალიანსის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელი მიიწვიეს. დაპატიჟეს უკრაინა, მოლდოვა და თურქეთიც.
ევროპის დღეს პოლონეთში ევროკავშირის ლიდერები კანდიდატი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად აღნიშნავენ, თუმცა მაკა ბოჭორიშვილი სტუმრების სიაში ვერ მოხვდა.