ეს არის შედეგი და გამოძახილი ყველა იმ პრობლემის, რომლის წინაშეც რეჟიმმა საქართველო დააყენა - ხიდაშელი ვარშავაში "ოცნების" არმიწვევაზე

ვარშავაში, ევროკავშირის არაოფიციალურ შეკრებაზე "ქართული ოცნების" არ დაპატიჟებას "ტვ პირველის" ეთერში "სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი აფასებს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მომხდარი ყველა იმ პრობლემის შედეგია, რომლის წინაშეც "ოცნებამ" საქართველო დააყენა.
ევროპის დღეს წელგამართული ვერ შევხვდით. დღეს ვარშავაში იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მისი კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფო დაესწრო, საქართველო იმ მაგიდასთან მიწვეულიც კი ვერ იყო. ეს არის შედეგი და გამოძახილი ყველა იმ პრობლემის, რომლის წინაშეც "ოცნებამ" ჩვენი სახელმწიფო დააყენა. დღეს ყველაზე უფრო მკვეთრად იგრძნობა ის საფრთხე, რომელიც შეიძლება ჩვენს ევროპულ მომავალს დაემუქროს, თუკი დროულად ცვლილება ვერ მოვახერხეთ". - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ევროპის დღე ევროპაში საქართველოს გარეშე - ვარშავაში, სადაც ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეკრება გაიმართა, "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ დაუპატიჟებიათ. არადა, შეკრებაზე ალიანსის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელი მიიწვიეს. დაპატიჟეს უკრაინა, მოლდოვა და თურქეთიც.
ევროპის დღეს პოლონეთში ევროკავშირის ლიდერები კანდიდატი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად აღნიშნავენ, თუმცა მაკა ბოჭორიშვილი სტუმრების სიაში ვერ მოხვდა.